GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 ივნისი, 2022

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებული ნორმები ეხება თანამდებობის პირის უფლებას, გაასაიდუმლოოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.  

2019 წლის 23 დეკემბერს შალვა თადუმაძემ საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ განკარგულების გასაიდუმლოება, რომლითაც ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევად იყო ცნობილი. შალვა თადუმაძე აცხადებდა, რომ თუ საჯარო სამსახურის ბიურო გამოაქვეყნებდა მის დეკლარაციას, მასში ასახული შეცდომები მიაყენებდა მის რეპუტაციას ზიანს, კერძოდ, შალვა თადუმაძის მიმართ ჩამოყალიბდებოდა არასწორი საზოგადოებრივი აზრი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 24 დეკემბერს დააკმაყოფილა შალვა თადუმაძის შუამდგომლობა და საჯარო სამსახურის ბიუროს დროებით აუკრძალა შალვა თადუმაძის დეკლარაციის და იმ განკარგულების გამოქვეყნება, რომლითაც დასტურდებოდა შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტი. 2020 წლის 29 მაისს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შალვა თადუმაძის სარჩელი და საჯარო სამსახურის ბიუროს სამუდამოდ აუკრძალა შალვა თადუმაძის დეკლარაციის გამოქვეყნება. 

2020 წლის თებერვალში საიამ განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა შალვა თადუმაძის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსების შესახებ განკარგულების გადაცემა. საჯარო სამსახურის ბიურომ საიას არ გადასცა აღნიშნული განკარგულება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ აუკრძალა მას ამის გაკეთება. 

ამის შემდგომ, საია სამივე ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა შალვა თადუმაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების მიღებას, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ საიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ თუ საია ამავე სასამართლოს მოსამართლე  იმ განკარგულებას მიიღებდა, რომლითაც შალვა თადუმაძე დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევად იქნა მიჩნეული, ამით შეილახებოდა შალვა თადუმაძის რეპუტაცია. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული განკარგულება არის იმგვარი ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.  

აღნიშნულის გათვალისწინებით, საია კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც შესაძლებელია:

1. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლოს მიერ პირისათვის საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების და დეკლარაციის მიღების დროებითი აკრძალვა.  

2. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის და მისი დარღვევით შევსების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების სამუდამო გასაიდუმლოება. 

საია სადავო ნორმებს ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება.

 

სხვა სიახლეები