სიახლეები
2017 წლის 15 მაისს დასრულდა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების პირველი ეტაპი. ამ ეტაპზე გამართულია 10 საყოველთაო-სახალხო განხილვა,[1] ხოლო, ერთ-ერთი - თბილისში დაგეგმილი საყოველთაო-სახალხო განხილვა - ჩაიშალა.[2]
როგორც ცნობილი გახდა, კონსტიტუციურ კანონპროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ცხადია, მისასალმებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის ნება, გამართოს დამატებითი შეხვედრები და გააგრძლოს კონსულტაციები საზოგადოებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, შემდგომი პროცესის დაგეგმვა არსებული გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდეს.
საქართველოში წინა წლებში არსებული პრაქტიკა საერთო სახალხო განხილვების მიმართულებით აჩვენებდა, რომ მისი მიზანი იყო არა საზოგადოების აზრის თავისუფლად მოსმენა, არამედ აღნიშნული ეტაპის მხოლოდ ფორმალურად გავლა და ცვლილებებისათვის მხარდაჭერის ხელოვნურად მობილიზება. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა ვერც მიმდინარე განხილვების დროს შეიცვალა.
საია, რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მეშვეობით, მონაწილეობდა და აქტიურად ადევნებდა თვალს მიმდინარე განხილვებს. სამწუხაროდ, პირველი ეტაპის განხილვები ისე იყო დაგეგმილი და წარმართული, რომ მან ფართო საზოგადოებას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო განხილვების პროცესში. მეორეს მხრივ - ჩატარებული განხილვები არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას რეალურად სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული მოსაზრებები. აღნიშნულმა არსებითად დააკნინა საერთო-სახალხო განხილვების როლი და მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში.
პირველ ეტაპზე ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გამოვყოთ შემდეგი ხარვეზები:
არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა - საერთო-სახალხო განხილვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი. განხილვის წარმართვის ერთ თვიანი ვადის გარდა, პარლამენტის რეგლამენტი პრაქტიკულად არც ერთ საკითხზე არ ითვლისწინებს დეტალურ წესებს. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული ეტაპები, როგორიცაა საორგანიზაციო კომისიის დაკომპლექტება, საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკის შედგენა/გამოქვეყნება, დაინტერესებული მოსახლეობის დროული ინფორმირება, უშუალოდ განხილვის წარმართვის ფორმატი, გამოთქმული მოსაზრებების შეჯერება/გაზიარება და სხვა მსგავსი საკითხები მთლიანად პრაქტიკის დასარეგულირებელია. ამ დრომდე არსებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ დეტალური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა ფართო შესაძლებლობას ტოვებს პროცესი ისე იყოს წარმართული, როგორც ეს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია.
საყოველთაო-სახალხო განხილვების წინასწარ შედგენილი გრაფიკის დაგვიანებით გამოქვეყნება - საყოველთაო-სახალხო განხილვების პირველი ეტაპის ფარგლებში განხილვების გრაფიკი არაგონივრულად მცირე დროით ადრე გახდა ცნობილი, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნულის ფონზე, ცხადია ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება და სრულყოფილი ჩართვა პროცესში. გარდა აღნიშნულისა, არსებობდა გარკვეული ბუნდოვანება საყოველთაო-სახალხო განხილვების გამართვის ადგილთან მიმართებით. მაგალითად, თბილისში დაგეგმილი საყოველთაო-სახალხო განხილვის გამართვის საბოლოო ადგილი ერთი დღით ადრე შეიცვალა გაურკვეველი მიზეზების გამო.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე დასწრების დამაბრკოლებელი გარემოებები - დაფიქსირდა შემთხვევა, რა დროსაც დაბრკოლებები შეიქმა საყოველთაო-სახალხო განხილვაზე დასწრების კუთხით. კერძოდ, ზუგდიდში ორგანიზებულ შეხვედრაზე მიუხედავად საია-ს წარმომადგენლის მცდელობისა, მან ვერ შეძლო შენობაში დროულად მოხვედრა. მაშინ როდესაც, იმავე დროს დაცვის სამსახური თავისუფლად ატარებდა მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირების მოთხოვნით ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენი წარმომადგენლისთვის შესაძლებელი გახდა შენობაში შესვლა, დარბაზი მთლიანად გადავსებული აღმოჩნდა. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა კი განხილვაზე დასწრება საერთოდ ვერ შეძლო.
საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ზუგდიდში არსებული გაცილებით დიდი მოცულობის შენობებისა, შერჩეული იქნა შედარებით მცირე ნაგებობა, რამაც თავის მხრივ ასევე ხელი შეუწყო ზემოთ დასახელებული დაბრკოლების შექმნას.
პოლიტიკური პარტიის აქტივისტებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზება - ფაქტობრივად ამ დრომდე გამართულ ყველა განხილვაში დაფიქსირდა როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზება. ასეთ პირებს უმეტესწილად, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირებში, საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ. აღნიშნული თავად პარლამენტის თავმჯდომარემაც აღიარა.
განხილვებმა ცხადყო, რომ დასახელებული პირების შეხვედრებში ორგანიზებულად ჩართულობის მიზანს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის სასურველი მიმართულებით წარმართვა და მხარდამჭერი მესიჯების გაჟღერება წარმოადგენდა და არა - საზოგადოების წარმომადგენელთა აზრის თავისუფლად გაგონება.
საყოველთაო-სახალხო განხილვების სასურველი მიმართულებით წარმართვის მცდელობა - პრაქტიკულად ყველა საყოველთაო-სახალხო განხილვისას დაფიქსირდა სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებული პრაქტიკა, რა დროსაც დარბაზებში განთავსებულ მიკროფონებთან წინასწარ ხდებოდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მობილიზება. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, რა დროსაც აღნიშნული ადამიანები განხილვაზე მისულნი იყვნენ წინასწარ შედგენილი კითხვებით. შეხვედრის ამ სახით წარმართვა ერთი მხრივ აბრკოლებდა სხვა დაინტერესებულ პირების მონაწილეობას განხილვაში, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობდა მსჯელობის უმეტესწილად მმართველი პოლიტიკური პარტიის სასურველი მიმართულებით წარმართვას.
საყოველთაო-სახალხო განხილვების თანმდევი არასაგნობრივი ნაწილი - განხილვებისას, დაფიქსირდა შემთხვევებები, რა დროსაც საორგანიზაციო კომისიის პოლიტიკოსი წევრები საკუთარი მოხსენებისას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, ასევე იყო შემთხვევები - როდესაც მოქალაქეები აფიქსირებდნენ შეხედულებებს, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან. აღნიშნული შედეგად იწვევდა საყოველთაო მსჯელობის მიმართულების ცვლილებას, რაც ნეგატიურად აისახებოდა საყოველთაო-სახალხო განხილვების ხარისხზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დასახელებული ხარვეზები მხედველობაში იქნეს მიღებული საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპზე. კერძოდ:
- მიღებულ იქნეს ყველა საჭირო ზომა საყოველთაო-სახალხო განხილვებში დაინტერესებული საზოგადოების დაუბრკოლებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, როგორც დასწრების, ასევე შეხედულების გამოხატვის კუთხით;
- შეხვედრებისთვის განსაზღვრული დრო მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საგნობრივი დისკუსიებისთვის;
- პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ საკუთარი აქტივისტებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზებისგან, ამ პირთა ინტერესის დაკმაყოფილება დაგეგმილ ცვლიელბებთან დაკავშირებით პარტიულ და სხვა სახის ღონისძიებებზე უნდა ხდებოდეს და არა საყოველთაო-სახალხო განხილვების მეშვეობით, რაც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ მიზანს;
სამომავლოდ ასევე აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საყოველთაო-სახალხო განხილვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით.
[1] საყოველთაო სახალხო განხილვების პირველი რაუნდი გაიმართა შემდეგ ქალაქებში - ქუთაისი, ამბროლაური, ჩოხატაური, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი, თბილისი;
[2] თბილისში დაგეგმილი საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლა განაპირობა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების ნაწილის მიერ ორგანიზებულმა აქცია-პერფორმასმა - http://netgazeti.ge/news/194070/ ;
გააზიარე: