სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მათ მიმართ მუქარის ფაქტის ეფექტური გამოძიება

2015-06-23 19:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. 2015 წლის 23 ივნისის სტატიაში „კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“  ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა. 

ამონარიდი სტატიიდან: „თუ ამ კარიკატურას არ წაშლით, თუ ამ შეურაცხყოფას გააგრძელებთ, ალაჰს ვფიცავ, რომ თქვენი სისხლი დაიღვრება. ვფიცავ იმ ღმერთს, რომლისაც არ გწამს, ჩემი ხელებით წაგაცლი თავს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სისხლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი კალმის მელანი“, -  ამ მუქარის ადრესატები საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტები არიან, მუქარის ავტორი საქართველოს მოქალაქე, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვია.

ვებგვერდი renessans.ge საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა 2015 წლის იანვარში შექმნეს. პროექტის მიზანი ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემების აქტუალიზაცია, სამოქალაქო განათლების და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.”
 
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ ვესაუბრეთ ინტერნეტ გამოცემის ერთ – ერთი ჟურნალისტს აიდა ტაგიევას. ჟურნალისტის განმარტებით, მუქარის მიზეზი მათ გამოცემაში გამოქვეყნებული კარიკატურაა,  რომელშიც ასახულია ახალგაზრდა ჟურნალისტები,  რომელთაც წიგნებით ხელში გაარღვიეს გალია და გარეთ გამოვიდნენ. მისივე თქმით, ეს არის გალია და არა მეჩეთი. თუმცა აღნიშნული კარიკატურის გამო საქართველოს მოქალაქემ, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვმა საიტის პუბლიცისტ ეინარ მახმუდოვს, ჟურნალისტ აიდან იუსიბოვას, რედაქტორს ნუგზარ ჯაფაროვს და მას მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა. ჟურნალისტის თქმით, მათ აღნიშნულის დამადასტურებელი ჩანაწერებიც აქვთ. 
აიდა ტაგიევასთან სატელეფონო გასაუბრების  შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს და დღეს ის უკვე დაიბარეს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
საია მიესალმება საგამოძიებო ორგანოს სწრაფ რეაგირებას და მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ აღნიშნულ საქმეზე სწრაფი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, ასევე უზრუნველყონ ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება და  დაცვა ყველა შესაძლო ხელშეშლისა და  უკანონო ზემოქმედებისაგან.
 
საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას ჟურნალისტების უფლებები და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლო წარმოების ეტაპზე.