GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 დეკემბერი, 2016

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ მინისტრის  2016 წლის 9 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით. პრემიერ მინისტრის განმარტებით, „საბიუჯეტო სახსრების შემცირება პირველ რიგში შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შტატების ოპტიმიზაცია მაინც იქნება.“

მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივით. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება საჯარო სექტორში საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური ხარჯვის აუცილებლობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით. აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმოადგინოს ერთიანი ხედვა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების შემცირების ძირითადი მიმართულებების, სფეროებისა და კრიტერიუმების თაობაზე; პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ დაასაბუთოს საბიუჯეტო სახსრების შემოთავაზებული პროცენტული ოდენობით შემცირების მიზანშეწონილობა და მისი პოზიტიური გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ლარის კურსის სტაბილურობის მიმართებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივის ფარგლებში შტატების შესაძლო ოპტიმაზაციის ნაწილი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან საჯარო დაწესებულებებისათვის საბიუჯეტო სახსრების შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შტატების შემცირება და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების გათავისუფლება. შტატების შემცირების აუცილებლობის საკითხი შესაძლებელია განსაკუთრებით დადგეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რადგან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, „გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.“ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებში შტატების ოპტიმიზაციის პროცესი  წარიმართოს ობიექტურობად და გამჭვირვალედ, რაც ხელს შეუწყობს პროცესის კანონიერებასა და სამართლიანობას. სასურველია, რომ საჯარო დაწესებულებამ საბიუჯეტო სახსრების შემცირება მიმართოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ და მაქსიმალურად ეცადოს მიიღოს ყველა საჭირო ზომა შტატების მასიური შემცირების თავიდან ასარიდებლად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ შტატების ოპტიმიზაცია წარმართოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით, ვინაიდან საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ახორციელებს საჯარო დაწესებულებათა ფუნქციურ ანალიზს და შეუძლია კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს რეკომენდაციები ამა თუ იმ მიმართულებით შტატების ოპტიმიზაციის საჭიროების თაობაზე.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთება საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფარგლებში შტატების ოპტიმიზაციის საჭიროების თაობაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, განახორციელოს განსაკუთრებული კონტროლი საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების დაწერის იძულების შესაძლო შემთხვევებზე, ასევე არ მოახდინოს შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება.

საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში საბიჯეტო ხარჯების შემცირების ინიციატივის მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ საქართველოს მთავრობასა და საჯარო დაწესებულებებს მივმართოთ შემდეგი რეკომენდაციებით:

- საქართველოს მთავრობამ წარმოადგინოს ერთიანი ხედვა საბიუჯეტო სახსრების შემცირების ძირითადი მიმართულებების, სფეროებისა და კრიტერიუმების თაობაზე;

- საჯარო დაწესებულებებმა საბიუჯეტო სახსრების შეზღუდვა მიმართოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ და მაქსიმალურად ეცადოს მიიღოს ყველა საჭირო ზომა შტატების მასიური შემცირების თავიდან ასარიდებლად;

- საჯარო დაწესებულებებმა შტატების ოპტიმიზაციის პროცესი  წარმართონ ობიექტურობად და გამჭვირვალედ საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტიური თანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით;

- საჯარო დაწესებულებამ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება შტატების შემცირების საფუძვლით განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, განახორციელოს განსაკუთრებული კონტროლი საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების დაწერის იძულების შესაძლო შემთხვევებზე, ასევე არ მოახდინოს შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება.

ჩვენ აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ მიმდინარე პროცესებს, ვუზრუნველყოფთ საჯარო მოხელეთა სამართლებრივ დახმარებასა და მათი უფლებების დაცვას.

შესაბამისად, მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მოხდენის მიზნით, მოვუწოდებთ ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციის სათაო თუ რეგიონულ ოფისებს.

 

 

სხვა სიახლეები