სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა

2016-12-28 18:17
Featured image

საია-ს თბილისის ოფისი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა გ.ნ.-ს ინტერესებს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, დაკავებული ხალხმრავალ ადგილას იგინებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ მოუწოდეს გინების შეწყვეტისკენ, დაკავებულმა პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებდა პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო ოქმის შემდგენლების მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები კი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმეზე შეწყვიტა წარმოება.

სასამართლოს დადგენილება არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, იგი შევიდა კანონიერ ძალაში.