სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016-10-06 10:59
Featured image

2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.

იმის გამო, რომ ბეჟან გუნავამ ვერ დატოვა კანცელარიის შესასვლელის ტერიტორია, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს იგი და გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად. ბეჟან გუნავასთან ერთად აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მისი შვილიც, ცოტნე გუნავაც, რომელიც პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, წინააღმდეგობას უწევდა მათ სამართალდამრღვევი ბეჟან გუნავას დაკავებაში. თვითონ ცოტნე გუნავა კი აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მხოლოდ მოუწოდებდა შეეწყვიტათ ბეჟან გუნავაზე ფიზიკური ზეწოლა. დაკავების შემდეგ ბეჟან გუნავას გაეწია სამედიცინო დახმარება და აღმოჩნდა, რომ მას აწუხებდა მაღალი არტერიული წნევა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, ბეჟან გუნავა და ცოტნე გუნავა გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგენილი ოქმის დასამტკიცებლად. სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ბეჟან გუნავას მიმართ მის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო ცოტნე გუნავას მიმართ სასამართლო შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით. სასამართლოს დადგენილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლოში და შევიდა კანონიერ ძალაში.