სიახლეები
საია-მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა შენიშვნები და მოსაზრებები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მართალია, შეიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებას, მაგრამ არსებითად არ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ ვერ შეძლო, ამ პროცესში უზრუნველეყო შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობა, ხოლო პარლამენტში რეგისტრაციამდე შშმ პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ კანონპროექტის საბოლოო ვერსიას და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის წარედგინათ თავიანთი რეკომენდაციები.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის განხილვის ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონპროექტის ტექსტის იმგვარად მოდიფიცირება, რომ დეკლარაციული დოკუმენტიდან იქცეს შშმ პირებისათვის უფლების დაცვის რეალურ ინსტრუმენტად. შეიქმნას სერვისების განხორციელების ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიები, მოხდეს შშმ პირებისათვის გათვალისწინებული კონკრეტული სერვისების განსახორციელებლად რელევანტური ნორმატიული ჩარჩოს შექმნა და მოვიდეს იგი შესაბამისობაში შშმ პირთა კონვენციასთან.
გააზიარე: