სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პარლამენტს რეფერენდუმის შედეგების პატივისცემისა და კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს

2011-07-01 17:11
Featured image
2011 წლის 27 ივნისს ოპოზიციურ პარტიებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის  დადებული შეთანხმება ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის გაზრდას 150-დან 190-მდე. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტს გააჩნია უფლებამოსილება კონსტიტუციუ ცვლილების გზით გაზარდოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა. გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელთა თანახმად აღნიშნული შეთანმება ეწინააღმდეგება 2003 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ რეფერენდუმზე გამოვლენილ ნებას და შესაბამისად, მისი რეალიზაცია პარლამენტის მიერ იქნება უკანონო და არაკონსტიტუციური.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბერს #428 ბრძანებულებაში რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე აღნიშნულია: სარეფერენდუმოდ გამოტანილ იქნეს შემდეგი საკითხი: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 დეპუტატით.”

აღნიშნული რეფერენდუმი ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბერს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 904  105-მა ამომრჩეველმა. დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ: 1 590 000 ამომრჩეველმა.

2005 წლის 23 თებერვალს ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლში, რომლითაც განისაზღრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 100, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული 50 დეპუტატით.

გავრცელებული კომენტარები იმის თაობაზე, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმი იყო უკანონო და კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად პარლამენტი ვალდებული არ არის გაითვალისწინოს აღნიშნული რეფერენდუმის შედეგები ეყრდნობა შემდეგ არგუმენტებს:

1.        რეფერენდუმის შედეგი 1 თვის ვადაში არ აისახა კანონმდებლობაში;

2.        რეფერენდუმი ჩატარდა კანონის მისაღებად, რასაც კრძალავს კანონმდებლობა;

3.        რეფერენდუმი არ ჩატარებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ყველა აღნიშნული მტკიცება სრულიად უკანონოდ და მიუღებლად მიგვაჩნია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

1.        არასწორია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ერთ თვეში არ მოხდა რეფერენდუმზე გამოვლენილი ნების ასხვა კანონში, ეს რეფერენდუმის შედეგების ავტომატურ გაუქმებას იწვევს. ,,რეფერენდუმის შესახებ” კანონში ვერ ხვდებით ისეთ ჩანაწერს, რომელიც მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ის, რომ პარლამენტმა დაარღვია ნონის მოთხოვნა და 1 თვის განმავლობაში არ ასახა ცვლილებები კანონმდებლობაში არ აკნინებს რეფერენდუმის მნიშვნელობას. ასეთ შემთვევაში პასუხისმგებლობა ვადის დარღვევაზე უნდა დაეკისროს არა ხალხს, რომელმაც რეფერენდუმის შედეგად ნება გამოავლინა, არამედ საქართველოს პარლამენტს, რომელმაც არ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად არ ასახა სახალხო ნება კანონმდებლობაში.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.“  იმის მტკიცება, რომ 1 თვეში შედეგების კანონმდებლობაში არ ასახვა ავტომატურად იწვევს რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ნიშნავს, რომ კანონმდებლობა ანიჭებს პარლამენტს უფლებას 1 თვის განმავლობაში არ ასახოს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და ამ გზით თავიდან აიცილოს რეფერენდუმის არასასურველი შედეგების რეალიზაცია, რაც აბსურდულად მიგვაჩნია.

2.        ვერ გავიზიარებთ ასევე მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რეფერენდუმი შეეხებოდა კანონის მიღებას. ,,რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლში აღნიშნულია: ,,რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ. ამგვარად, ერთის მხრივ აკრძალულია კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარება, მეორეს მხრივ, ნებადართულია რეფერენდუმის ჩატარება კანონით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2003 წლის 2 ნოემბერს სარეფერენდუმოდ არ გამოტანილა კანონპროექტი, კერძოდ კონსტიტუციის 49-ე მუხლის ახლებური საკანონმდებლო რედაქცია. სარეფერენდუმოდ გამოტანილი იყო შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხს. შეკითხვაზე დადებით პასუხს არც გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა ხალხის ნების ავტომატურ ასახვას კონსტიტუციაში. ამისათვის ,,რეფერენდუმის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებული იყო საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოეყვანა რეფერენდუმის შედეგებთან. ხელისუფლების წარმომადგენელთა ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ შეუძლებელია ისეთი საკითხის დაყენება რეფერენდუმზე, რასაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რაც ასევე აბსურდულად მიგვაჩნია.

3.        ხელისუფლების მესამე არგუმენტის თანახმად, რეფერენდუმი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ჩატარებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმი კანონიერად ჩაითვლება იმ დრომდე, ვიდრე კანონით დადგენილი წესით საპირისპირო არ დადასტურდება. კერძოდ, ,,რეფერენდუმის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით და არა პარლამენტს. ამგვარად, რა არგუმენტიც უნდა ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის რეფერენდუმის უკანონობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის შედეგი ნამდვილად ჩაითვლება მანამ, სანამ მას ბათილად არ სცნობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, რეფერენდუმის შედეგები სასამართლოში საჩივრდება მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.  ვინაიდან, რეფერენდუმის ჩატარებიდან გავიდა  შვიდი წელი და ამ დრომდე ეს საკითხი არ გამხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ამ კუთხით დავა ხანდაზმულია.

საია მოუწოდებს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას პატივისცემა გამოიჩინონ 2003 წლის 2 ნოემბერს ხალხის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ არსებობს რეფერენდუმის შედეგების შეცვლის სურვილი, მისი გადასინჯვა მოხდეს კანონიერი გზით, კერძოდ, ,,რეფერენდუმის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სადაც აღნიშნულია: ,,რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.