სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მთავარ პროკურორს მიმართავს

2010-04-27 06:57
Featured image
გასული წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, რუსთავი-2-ს კუთვნილი შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაიცვალა ტელეკომპანიის რუსთავი-2 ორი მემონტაჟე, გიორგი გაბუნია და ნიკა გელაშვილი. ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ სამშენებლო კომპანიის "არტ-X”-ს სამუშაოთა მწარმოებელი დავით გვასალიას წინააღმდეგ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის საფუძველზე. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმე განსახილველად გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. სახელმწიფო ბრალდებასა და განსასჯელს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცა. განსასჯელ დავით გვასალიას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს გადაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახს. საიას მიერ საქმის ირგვლივ მოძიებული მასალებით დგინდება, რომ სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემთხვევაში უნდა დამდგარიყო არა მარტო დავით გვასალიას, არამედ შპს-ს "არტ-X-ს " ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ შპს "არტ-X" რუსთავი 2-ს დაკვეთით აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, კერძოდ, შენობის მზიდი კედლის დემონტაჟს, რასაც შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  რუსთავი 2, როგორც შენობის მესაკუთრე, ვალდებული იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის შესაბამისი ნებართვა მიეღო, მას ასეთი ნებართვა არ ჰქონდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს-მ “არტ-X” აწარმოა უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, უნდა დამდგარიყო სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისთვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავარ პროკურორს  2010 წლის იანვარში მიმართა და წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე შპს-ს არტ-X წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.  ჩვენს განცხადებას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს მთავარ პროკურორს პირადად დაინტერესდეს აღნიშნული საქმით.