სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს მედიას, მასალის მომზადებისას დაიცვან ბავშვის საუკეთესო ინტერსები

2020-06-25 14:53
Featured image

ბოლო პერიოდში მედიამ მოამზადა სიუჟეტები, რომლებშიც ნაჩვენები იყო დანაშაულის მოწმე და მსხვერპლი არასრულწლოვნები. ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გამოსახულება იყო დაფარული, ხოლო ხმა, შეცვლილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასრულწლოვანის გამოსახულება პირდაპირ იყო ნაჩვენები. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ბავშვების გამოსახულების დაფარვისა და ხმის შეცვლისა, მაინც შესაძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება.

ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ეთიკის ნორმების დარღვევის დადგენის მოთხოვნით, ხოლო მეორე საქმესთან დაკავშირებით კი ქარტიამ მიმართვის გარეშე, თვითონ გააკეთა შეფასება ფაქტთან დაკავშირებით. 

მედიის მხრიდან არასრულწლოვნებისგან  კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების დარღვევით ინფორმაციის მოპოვებამ სისტემური ხასიათი მიიღო და შეშფოთებას იწვევს. მედიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაუშვებელია არასრულწლოვნისგან კომენტარის მიღება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ხოლო, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა თანხმობა, გასაუბრება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ხოლო როდესაც საქმე შეეხება დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებს, მათთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ ფორმით, რომ ბავშვისთვის ხელახალი ზიანის მიყენება გამოირიცხოს. მაუწყებელთა ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევით არასრულწლოვნისგან ინფორმაციის მოპოვება და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ნეგატიურ შედეგებს იწვევს მასზე, ხდება მისთვის განმეორებით ზიანის მიყენება და რთულდება მისი სოციალიზაციის პროცესი. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ გამოსახულებისა და ხმის დაფარვა არ გამორიცხავს არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბავშვი არ წარმოადგენს რაიმე მიზნის მიღწევის საშუალებას, და როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული პირის ვალდებულებაა პატივი სცენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მათი გათვალისწინებით იმოქმედონ საქმიანობის განხორციელებისას. ამდენად, მედიამ, ბავშვებისგან ინფორმაციის მოპოვებისას ან ბავშვებზე მასალის მომზადებისას, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და უპირატესად გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეშფოთებას გამოვთქვამთ მედიის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევით სიუჟეტების მომზადების გამო და მოვუწოდებთ მათ, პატივი სცენ კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ეთიკის ნორმებს და დაუყოვნებლივ წაშალონ ყველა ხელმისაწვდომი წყაროდან დარღვევით მომზადებული მასალა.