GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 ნოემბერი, 2019

2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საოკუპაციო რეჟიმმა ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა იმყოფება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.

ოკუპაციური რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. იმავე პერიოდში დაკავებული/გატაცებული იყო საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით 3-ვე პირი გათავისუფლდა, მათ მიმართ მიმდინარეობდა ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამივე მათგანს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ოკუპაციურმა რეჟიმმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმე.  

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. აღნიშნული ქმედებით, საოკუპაციო რეჟიმმა იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოაქცია. გამშვები პუნქტის თვითნებურად ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანაზე და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

ამ დროისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილსამყოფელის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ.

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

- სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე;

- მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

 

საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს:

- დაეხმაროს ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.

- გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

 

სხვა სიახლეები