სიახლეები
31 ოქტომბერს მოსამართლეთა XXX კონფერენცია ჩატარდა.[1] 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ცნობილი გახდა, რომ კონფერენცია, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს ახალი მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას ითვალისწინებდა, [2] თუმცა საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამ დროისთვის არ ეწურებოდა. მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი, რომ საბჭოს წევრებმა თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ პირადი განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ კომიტეტს და ვადაზე ადრე მოითხოვეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. პირველს თამარ ონიანს უფლებამოსილება 2022 წლის მარტში, ხოლო მეორეს 2024 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. კონფერენციაზე ორი ქალი მოსამართლე წევრის ვაკანსიაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების - პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის კანდიდატურები დასახელდა. კონკურენცია არც ამჯერად ყოფილა, ასევე კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კენჭისყრაში მონაწილე 263 მოსამართლიდან პაატა სილაგაძეს ხმა მისცა 257-მა, გიორგი გოგინაშვილს - 253 მოსამართლემ. მნიშვნელოვანია, რომ პაატა სილაგაძე უკვე იყო საბჭოს წევრი.[3] იგი ასევე იყო იმ 10 კაციან სიაში, რომელიც საბჭოს მდივანმა ყოველგვარი პროცედურის გარეშე წარუდგინა პარლამენტს და მერეც, არაერთხელ მოხდა მისი ნომინირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, თუმცა საბოლოოდ მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. საიას შეფასებით, 31 ოქტომბერს კონფერენციის დანიშვნა, გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არ მიპყრობილი.
საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ უწყებაში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს,[4] ან მათ მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს აქვთ. გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიო ხდება არსებითი და გადამწვეტი რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში, რომელიც აღმოფხვრის კლანურ მმართველობას და მართლმსაჯულებას ქართულ საზოგადოებას დაუბრუნებს.
[1] მოსამართლეთა XXX კონფერენცია, 2021 წლის 31 ოქტომბერი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yRB4178, განახლებულია: 01.11.2021.
[2] საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია, 2021 წლის 27 ოქტომბერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yRB7vnA, განახლებულია: 01.11.2021.
[3] მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია, 2013 წლის 10 ივნისი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/uRNqChC, განახლებულია: 01.11.2021.
[4] ნოზაძე ნ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისი, 2021 წელი, გვ. 10, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/0RB71rC, განახლებულია: 01.11.2021
გააზიარე: