სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მარტოხელა მამაკაცზე კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაზე დადგენილ აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

2021-03-15 13:01
Featured image

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, ექსტრაკორპორული განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ წყვილებს (ცოლ-ქმარს ან 1 წლის განმავლობაში ერთად მცხოვრებ ქალსა და მამაკაცს). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, სპერმის დონორობის გზით მარტოხელა ქალსაც აქვს დედად გახდომის შესაძლებლობა. რაც შეეხება მარტოხელა მამაკაცს, საქართველოს კანონმდებლობა ამ უკანასკნელს უკრძალავს ხელოვნური განაყოფიერების გზით გახდეს მამა. 

იმისათვის, რომ მამაკაცმა ისარგებლოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესაძლებლობით,  ამისათვის მას მოეთხოვება ან დაქორწინდეს ან კონკრეტულ მისამართზე, ერთი წლით, დარეგისტრირდეს ქალთან ერთად. ამასთან ასეთმა მამაკაცმა უნდა ამტკიცოს, რომ უნაყოფოა და არ შეუძლია ბუნებრივი გზით იყოლიოს შვილები, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ერთადერთი საშუალებაა შვილის ყოლისათვის. ამგვარი შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით გახდეს ბავშვის გენეტიკური მშობელი. სწორედ ამ უფლებას არღვევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება.