სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-მ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან ერთად გამართეს ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია

2013-11-12 06:46
Featured image
2013 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული კვლევის „ცირკულარული მიგრაცია“ პრეზენტაცია გაიმართა. 
 
აღნიშნული კვლევა ეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარების შესაძლებლობებს, კერძოდ, კვლევის შედეგად გაანალიზებულია  ცირკულარული მიგრაციის ცნება, მიზნები, საქართველოდან ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ხასიათი, არალეგალური მიგრაცია, მიგრაციის ასპექტები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ცირკულარული სქემებით, ცირკულარული მიგრაციის პროგრამების სარგებელი მიგრანტებისთვის, ცირკულარული მიგრაციის სქემები ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის, საქართველოსთან მიმართებით ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები. 
 
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეკითხვებით მიემართათ კვლევის უშუალო ავტორის, პოლონელი ექსპერტის, ბატონ პიოტრ კაჟმირკევიჩისთვის, რომელიც  ვარშავიდან ჩაერთო სკაიპის მეშვეობით.
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მხარდაჭერით.