სიახლეები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა საიას განცხადებას, სადაც შეფასებული იყო კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის პოლიტიკური რეკლამის ამოღების თაობაზე გაგზავნილი წერილები.
როგორც ადმინისტრაციული ორგანო აცხადებს, ,,მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“ თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილებში კომისიამ უკვე იმსჯელა კონკრეტულ რგოლებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ მიიჩნევს ამ წერილს სამართლებრივ აქტად, გარკვეული სახის დირექტივებიც გაუგზავნა მაუწყებლებს. კერძოდ:
წერილში საუბარი იყო არა ზოგადად კანონმდებლობის მოთხოვნებზე, არამედ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე. სწორედ ამგვარი მიდგომები ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების შეფასებისას კომისია სცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
კომისია არ არის უფლებამოსილი შეისწავლოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის თანახმად, ,,მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.“ შესაბამისად, კომისია ვერ შეაფასებს პოლიტიკური რეკლამის შინაარს (მათ შორის ვერც არაეთიკურობისა და არასათანადოობის კუთხით), რადგან მისი რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტები პასუხს არ აგებენ ამ შინაარსზე.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კომისიას საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნია.
როგორც უკვე განვმარტეთ, ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიმართოს თვითრეგულირების ორგანოს ან სასამართლოს (და არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს, როგორც კომისიის პასუხშია მითითებული), ხოლო კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე, რომელიც შეიცავს უხამსობას.
ამ საკითხზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ითვალისწინებს. ამავე კანონით დადგენილია აკრძალვა 56-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ კომისიისა და სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე.
2009 წლის 10 ნოემბერს საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რაც პირს მაუწყებლის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით დარღვევის შემთხვევაში უკრძალავდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილით დაადგინა: ,,ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად ,,მაუწყებლობის შესახებ ,,საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ კომისიისათვის მიმართვის უფლება არ არის გარანტირებული კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამის თაობაზე არც მოსარჩელეებს უდავიათ ამ საქმეზე და არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია ამ საკითხზე. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ადამიანის ღირსების უფლების შელახვის თაობაზე მსჯელობის აკრძალვა ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე, რომელიც შეიცავს უხამსობას, დღესაც ძალაშია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გასცდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სრულად გაეცნოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
გააზიარე: