სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია იწვევს იურისტებს ტრენინგზე გამოხატის თავისუფლებისა და მედია სამართლის შესახებ

2010-02-08 12:06
Featured image
ტრენინგი განკუთვნილია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე იურისტებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა.

ტრენინგს წარუძღვებიან პროფესიონალი  იურისტები, რომლებიც მუშაობენ საიასთან არსებულ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში, რომელიც შეიქმნაპროექტის  ”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის კავშირი. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით.


ტრენინგის თემატიკა:

1)    გამოხატვის თავისუფლება

•    გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებში: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს პაქტი საერთაშორისო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ;
•    გამოხატვის თავისუფლება და მისი კომპონენტები: აზრის ქონის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება და ინფორმაციის გავრცელების უფლება;
•    გამოხატვის თავისუფლების საზღვარი: შეზღუდვის სამი პირობა, ”გათვალისწინებულია კანონით”, ”ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს”, ”აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” ;
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

2)    გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ცნებები და კონცეფციები

•    აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პრეცედენტული სამართალი;
•    ეროვნული უსაფრთხოება და მედია;
•    უხამსობა და მედია;
•    შეურაცხმყოფელი სიტყვები და მედია;
•    ცილისწამების სამართალი: ცილისწამების შემადგენლობა, ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა, საჯარო და კერძო პირები, პრივილეგიები;
•    კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობა: უფლების შელახვა, საპატიო მიზეზები, ’საგანგაშო სტვენა’;
•    ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობა.

3)    გამოხატვის თავისუფლება და მედიის რეგულირება ქართულ სამართალში

•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი, სხვა ნორმატიული აქტები;
•    სამოქალაქო კოდექსი;
•    კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”
•    კანონი ”მაუწყებლობის შესახებ”
•    მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
•    ინტერნეტის რეგულირება: კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგლამენტი ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.

4)    დაცვის სტრატეგიები მედიასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და სასამართლო პროცესებში

•    ევროპული კონვენციის სამწვეროვანი ტესტი – დაცვის მთავარი იარაღი;
•    საიდან შეიძლება მოელოდოს მედია შეტევებს?
•    მედიის რეგულირების ადმინისტრაციული მექანიზმები: მარეგულირებელი და საგადასახადო ორგანოები, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ასპექტები;
•    დავის წარმოების განსაკუთრებული პირობები ცილისწამებასთან დაკავშირებულ სარჩელებში;
•    დაცვის სტრატეგიები ცილისწამების სარჩელებში;
•    მტკიცების ტვირთი;
•    ხანდაზმულობის ვადა;
•    აშკარად უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელები;
•    საგანგებო შეზღუდვები მაუწყებელთა სასარგებლოდ.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, მონაწილენი უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. რეგიონებიდან შეირჩევა 10 მონაწილე. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება ერთი ღამით  ტრენინგის ორგანიზატორების მიერ.

ტრენინგი ერთდღიანია და ჩატარდება თბილისში 2010 წლის 20 თებერვალს , დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.         

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15  თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:ტელ: 93 61 01, საკონტაქტო პირი: ანი ტაბიძე