GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 მაისი, 2022

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდღეა, რომელიც აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.  ეს დღე ადამიანის უფლებების ფართო შინაარსის იდეაზე დგას და ლგბტქ+  ადამიანების სტრუქტურული ჩაგვრისა და ცხოვრების ყველა სფეროდან სოციალური გარიყულობის აღიარებას მოითხოვს.

ლგბტქ+ თემი ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში. წინა წლებში შედარებით გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიუხედავად, არ ხდება პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.[1] მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.[2] ლგბტქ+ პირების მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ისევ კრიტიკულია.[3] თემის წარმომადგენლების მიმართ ნეგატიური განწყობები სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებულად ხასიათდება. მაშინ როდესაც ლგბტქ+ თემის წევრები, საკითხზე მომუშავე ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხაზს უსვამენ ჰომოფობიის არსებობას ყველა სოციალურ შრეში,  პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო თავშესაფრის თანამშრომლები ეჭვქვეშ აყენებენ ლგბტქ+ თემისადმი რეალური საფრთხეების არსებობას.[4]

ლგბტქ+ თემი განსაკუთრებით დაუცველია სტიგმისა და ძალადობისგან. ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა, რაც განსაკუთრებით მწვავეა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. ისინი თავისუფლად ვერ სარგებლობენ ძირითადი უფლებებით, როგორიცაა გამოხატვისა და შეკრებისა თავისუფლება. ლგბტქ+ პირები ასევე აწყდებიან ბარიერებს შრომითი უფლებების, სოციალურ და სამედიცინო  სერვისებზე წვდომის, ასევე, განათლების უფლების სრულად გამოყენების კუთხით.[5]ამასთან, COVID-19 პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის დაბრკოლებები, რაც ლგბტქ+ პირებს უფლებებით სარგებლობის დროს ხვდებათ.[6]

ლგბტქ+ თემის წევრებისთვის წლებია განსაკუთრებული პრობლემაა გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. მათ ეზღუდებათ საკუთარ უფლებებზე და საჭიროებებზე ღიად საუბარი, საჯარო სივრცეებში შეკრება, ღონისძიებების ჩატარება. ამის ნათელი მაგალითია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები, როდესაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ღირსების მარშის ჩატარებას საფრთხე შეუქმნეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა.[7] ღირსების მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი თავს დაესხნენ ათობით მედიის წარმომადგენელს, უფლებადამცველებს და სხვა მოქალაქეებს.[8] აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად, წესრიგის დასამყარებლად განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა.[9]შესაბამისად, სახელმწიფომ კვლავ ვერ უზრუნველყო ლგბტქ+ პირებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა.[10] ამასთან, არაეფექტიანია სახელმწიფოს რეაგირება გამოძიების ნაწილშიც, ვინაიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დღემდე არ გამოკვეთილა ამ მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობა.[11]

ლგბტქ+ თემში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან ტრანსგენდერი ადამიანები. ტრანსგენდერი ქალების წინააღმდეგ ძალადობა ყველაზე ხშირია, ხოლო სახელმწიფოს რეაგირება მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების, პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის კუთხით არაეფექტიანია.[12]გარდა ამისა, დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება ტრანსგენდერი პირებისთვის ქირურგიული ოპერაციის გარეშე სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის შეუძლებლობა.[13] ეს კი მათთვის უფლებებით სარგებლობის კუთხით მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის.

შესაბამისად, საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

- შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა ჰომოფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით. გააძლიეროს ძალისხმევა, ლგბტქ+  პირთა მიმართ  დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

- დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ამ პირებმა შეძლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;

- სამართალდამცავ სისტემაში გააძლიეროს ინსტიტუციური მექანიზმები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანად საბრძოლველად;

- სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები/სამართალდარღვევები;

- უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივი აღიარების გამჭვირვალე და ეფექტიანი ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნა. 

 


[1] „საიას შეფასება 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 7, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tzdBnh, განახლებულია: 16.05.2022.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021, 156,  ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022040413242699860.pdf,  განახლებულია: 16.05.2022.

[3] იქვე.

[4] ე. აღდგომელაშვილი და სხვები,  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “ წინარწმენიდან თანასწორობამდე. საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ”, 2022, 115. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39UC6n8, განახლებულია: 17.05.2022.

[5] საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 37-ე სესიაზე წარდგენილი დოკუმენტი (2021 წლის იანვარი-თებერვალი). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3llLxiA, განახლებულია: 01.12.2021

[6] საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021, 157.  

[7] სვიმონიშვილი მ., და სხვები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება“, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NaY4BF, განახლებულია: 16.05.2022.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] იქვე.

[11] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ალტერნატიული მოსაზრებები იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, 2022, 10-14, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NjwLEt, განახლებულია: 15.05.2022.

[12] „საიას შეფასება 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 7.

[13] საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021, 157.  

სხვა სიახლეები