სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.
საიას მიაჩნდა და მიაჩნდა, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება.
უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) შემადგენლობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამასთან, საფუძველს არის მოკლებული ბრალდების პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი ბრალდებულთა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თითქოს გადაწყვიტეს სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან არსებობდა განზრხვა რომ ვინმეს სასიკეთოდ გაეფლანგათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა.
ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს საზოგადოებაში აქამდე არაერთხელ გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. საია იმედოვნებს რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს.
გააზიარე: