სიახლეები
საია აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდს. ამ დროისთვის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.
საია მოუწოდებს:
საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს:
- კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები;
საარჩევნო ადმინისტრაციას:
- შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
დეტალური ინფორმაცია:
უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობა კამპანიაში და ქსენოფობიური განცხადებები - აგიტაციაში აქტიურად არიან ჩართულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები. კერძოდ:
- ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.
„მომავალი მარტო ერთია: საქართველოს გამარჯვება! სხვა მომავალი არ არის! ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ამ მოგებით კი მთელი საქართველო გაიმარჯვებს. არჩევნებზე საზოგადოება გამოვა იმისთვის, რომ სიმართლე და ევროპული მომავლის საქართველო აირჩიონ და რუსეთის კანდიდატს გამარჯვების საშუალება არ მისცენ.“
- კამპანიაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც. აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა (მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა), იგი 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს. მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: ,,ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი...“ მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ჯღანის წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს.
კონკრეტული ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მოხსენიება ნეგატიური ლექსიკით წარმოადგენს ქსენოფობიური ხასიათის სიძულვილის ენას. ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის ტირაჟირებას. ბანგლადეშელებისა და ინდუსების ,,ჯღანად“ მოხსენიებით მესამე პრეზიდენტის განცხადება გასცდა ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმური დისკუსიის ფარგლებს და აშკარად ქსენოფობიური ხასიათი შეიძინა.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მქონე განცხადებების ტირაჟირებას ახორციელებენ.
საია აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და დაკვირვების შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.
გააზიარე: