სიახლეები
დღეს, 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (I), რომლითაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
მოცემულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის 3 ივლისს გამოიტანა, რა დროსაც დაადგინა, რომ 2006 წელს ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების კოორდინირებულ პოლიტიკას, რაც გაუტოლდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. შესაბამისად, სასამართლომ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა.
თუმცა, 2014 წელს გადაწყვეტილების გამოტანის დროს კომპენსაციის საკითხი ევროპულმა სასამართლომ მომავლისთვის გადადო და მხარეებს მოლაპარაკებისთვის 1 წლიანი ვადა მისცა. მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, რის გამოც სასამართლომ რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხი განაახლა.
2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა რუსეთიდან დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის მინიჭების თაობაზე და რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს განმარტებით, ამ თანხიდან 2,000 ევრო უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც კოლექტიური გაძევების მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო 10,000 ევროდან 15,000 ევრომდე უნდა მიიღონ იმ პირებმა, ვინც კოლექტიური გაძევების პარალელურად ასევე, გახდნენ დაკავებისა და დაკავების პროცესში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი. სასამართლოს განმარტებით, ამ უკანასკნელ ჯგუფთან მიმართებით განცდილი მორალური ზიანისთვის თანხის ოდენობის განსაზღვრის დროს საქართველომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაკავების ხანგრძლივობა.
ამავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მოხდეს არანაკლებ 1500 დეპორტირებული პირისთვის. მართალია, საქართველოს სახელმწიფომ ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეტალური მონაცემები 1795 იდენტიფიცირებულ მსხვერპლთან მიმართებით, თუმცა, სასამართლომ ამ სიიდან 290 პირთან მიმართებით მიიჩნია, რომ მათთვის არ უნდა მოხდეს თანხის გადახდა შემდეგი მიზეზების გამო: მსხვერპლებს უკვე მიღებული ჰქონდათ კომპენსაცია ინდივიდუალური საჩივრის ფარგლებში, მათ მიმართული ჰქონდათ სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით იგივე საკითხთან დაკავშირებით ან პირთა დეპორტაცია განხორციელდა სხვა პერიოდში, რომელსაც არ ქონდა შემხებლობა მოცემულ საქმესთან და სხვა.
რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული თანხა სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს საქართველოს. თავის მხრივ, საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიმუშაოს აღნიშნული თანხის გადანაწილების წესი. ამ მექანიზმის შექმნა და მსხვერპლებისთვის თანხის მიკუთვნება 18 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
გააზიარე: