GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 აპრილი, 2017

2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. დეკლარაციების მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის მიერ ქონებრივ დეკლარაციაში წარმოდგენილი მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. მონიტორინგის მიზნებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შერჩევა შესაძლებელია განხორციელდეს სამი გზით: ა) ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციები. თითოეულ შემთხვევაში, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.

საქართველოს  მთავრობამ  2017 წლის  14 თებერვალს დადგენილებით დაამტკიცა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქცია.[1] საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების დაგვიანებით დამტკიცების გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რადგან დამოუკიდებელი კომისია უნდა შექმნილიყო 15 დეკემბრამდე და შესამოწმებელი დეკლარაციები უნდა შეერჩია 15 იანვრამდე. დამოუკიდებელი კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას შესამოწმებელი დეკლარაციების შერჩევის პროცესში (3 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელი).

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის განმავლობაში ხორციელდება  ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით წესით შერჩეული და დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციების მონიტორინგი. დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა, ერთი მხრივ, ნებისმიერი თანამდებობის პირს უჩენს მოლოდინს, რომ მისი ქონებრივი დეკლარაცია შესაძლებელია შემოწმდეს, რაც სავარაუდოდ დადებით გავლენას  მოახდენოს სწორად და სრულყოფილად შევსებული ქონებრივი დეკლარაციების რიცხვზე. თუმცა, მეორე მხრივ, თანამდებობის პირთა დიდი რაოდენობისა და შესამოწმებელი დეკლარაციების მცირე პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, შემთხვევითი შერჩევა ნაკლები ალბათობით უზრუნველყოფს მაღალი კორუფციის რისკის მატარებელი თანამდებობების შერჩევას.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში სულ განხორციელდება  271 თანამდებობის პირის დეკლარაციის მონიტორინგი, რომელთაგან 268 დეკლარაცია შერჩეულია შემთხვევითი შერჩევით, ხოლო 3 თანამდებობის პირის (1. ზვიად კვაჭანტირაძე - პარლამენტის წევრი; 2. თამაზ ნავერიანი - პარლამენტის წევრი; 3. სამსონ თამარიანი - წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე) ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი კომისია არ შეიქმნა, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის და მინისტრის მოადგილის - კახი კანდელაკის თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. მოთხოვნის წინაპირობას წარმოდგენს საიას მიერ 2016 წლის დეკემბერსა და 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მინისტრის და მოადგილის სავარაუდო კავშირზე მიუთითებს შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“. აღნიშნულ კომპანიას დღემდე აქვს სახელწიფოს ვალი 1,189,722 ლარი, ხოლო კომპანიის იურიდიული მისამართი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - მიხეილ გიორგაძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოდგენს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის განავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო შეამოწმებს 14 პარლამენტის წევრის, 1 მინისტრის, 6 მინისტრის მოადგილის, 7 სსიპ-ის ხელმძღვანელის, 13 მოსამართლის, 3 პროკურორის, 2 დამოუკიდებელი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლის და 1 სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის ქონებრივ დეკლარაციას. გარდა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირებისა, 2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო ასევე ამოწმებს სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ სხვა თანამდებობის პირებს.

საია მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წელს  ნაწილობრივ სრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს არ მოხდა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და მათ მიერ თანამდებობის პირების შესამოწმებელი დეკლარაციების 5%-ის შერჩევა, აღნიშნული დეკლარაციების მონიტორინგის შესაძლებლობა არ იყო გამოყენებული. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც, მიუხედავად დადგენილების მიღებისათვის ხანგრძლივი დროის არსებობისა, ვერ უზრუნველყო ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დროულად დამტკიცება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან

 


[1] საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის დადგენილება #81, შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ; 

სხვა სიახლეები