სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქართული მართლმსაჯულება დღეს

2013-11-14 04:50
Featured image
I tremble for my country when I reflect that God is just; that his justice cannot sleep forever.
Thomas Jefferson
 
მართლმსაჯულებას მუდმივად სჭირდება ობიექტური და კვალიფიციური დამკვირვებლის კონტროლი, რათა მისი არსებობა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე ვართ.
 
საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ცნობილია ბოლო წლების ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, რომელიც თითქმის არ არსებობდა. საიას მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სასამართლო მონიტორინგის შედეგების ბოლო ანგარიშის პრეზენტაციაზე როგორც ვახსენე, უკანასკნელი 6 თვის პროგრესი ფეიერვერკის ღირსი არ არის, თუმცა აღნიშნვას იმსახურებს.  
 
სასამართლო შესამჩნევად გათავისუფლდა პროკურატურის გავლენისგან, ვინაიდან წინა წლებისგან განსხვავებით, პროკურორის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ ისე ხშირად აღარ აკმაყოფილებს (სასამართლო მონიტორინგის პროცესში დაკვირვებული  სხდომების 28%-ში, სადაც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, პირს შეეფარდა გირაო). თავის მხრივ, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის რიცხვი შემცირდა (სასამართლო მონიტორინგის პროცესში დაკვირვებული საქმეების 41%-ში მოითხოვა პროკურატურამ გირაო). გირაოს თანხა ხშირ შემთხვევაში აღარ ემთხვევა პროკურორის მიერ მოთხოვნილს (სასამართლო მონიტორინგის პროცესში დაკვირვებული საქმეებიდან 50%-ში, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა სასამართლომ შეამცირა). 
 
ამ პოზიტიურ ტენდენციას სამწუხაროდ თან ახლავს წლების მანძილზე გამჯდარი ნეგატიური ტენდენციები საქმის განხილვის სხვა და სხვა სტადიებზე. 
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება პრობლემატური რჩება. ბრალდებულს ან გირაო, ან პატიმრობა ეფარდება. სასამართლოებს კიდევ ერთხელ ვახსენებთ და კვლავაც შევახსენებთ, რომ არსებობს პირადი თავდებობა, არსებობს სათანადო ქცევისა და გაუსვლელობის ხელწერილი, და ა.შ. რომელთა გამოყენება ისევეა შესაძლებელი, როგორც წინა ორის. 
 
სხვა და სხვაგვარი მიდგომა პერიოდულად ვლინდება გახმაურებულ და სხვა მიმდინარე საქმეების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთ მიმდინარე საქმეში მოსამართლემ გამორიცხა სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობა, როდესაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ბრალდებულს 2000 ლარი შეუფარდა გირაოს სახით. როდესაც ბრალდებულმა თქვა, რომ ამდენს ვერ გადავიხდიო, მოსამართლემ გაოცებულმა უპასუხა: ‘როგორ ფიქრობთ, უნდა გამოვიყენოთ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება თუ არა, რას იტყვით?’. სამაგიეროდ, სხვა, გახმაურებულ საქმეში, განსაკუთრებული ლოიალურობა სასამართლომ გამოავლინა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი (თბილისის მერი), საკმაოდ მძიმე ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. 
ორსახოვანი აღკვეთის ღონისძიებათა შეფარდების პრაქტიკა უმთავრესად იმიტომაა პრობლემატური, რომ მისი გამოყენების სათანადო დასაბუთებით თავს არ იწუხებს როგორც პროკურორი, როდესაც მას ითხოვს, ისე - სასამართლო, როდესაც მას უფარდებს. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება კი ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.
 
წინასასამართლო სხდომები, რომლის დროსაც მხარეები სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენენ იმის გადასაწყვეტად, დევნა პირის მიმართ უნდა შეწყდეს თუ გაგრძელდეს საქმე არსებითად განსახილველად, თითქმის ფორმალური ხასიათის მქონეა. მტკიცებულების დასაშვებობის გამოკვლევა თითქმის არ ხდება, დევნა პირის მიმართ არ წყდება და საქმე იგზავნება არსებითად განსახილველად.  
 
ალბათ იმის თქმაც საინტერესო იქნება, რომ ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულებს იცავენ, შესაშურ მონდომებას მხოლოდ გახმაურებულ საქმეებში იჩენენ და სხვა საქმეებში, სადაც საზოგადოების ინტერესი ნაკლებია, ან ბრალდებულს მაღალი პოსტი არ ეკავა, უაღრესად პასიურობენ. ხშირად მოჰყავთ სამართლებრივად არასწორი არგუმენტები და მტიცებულებებსაც თითქმის არ წარადგენენ სასამართლოში. ის, რომ ადვოკატმა 22 ტომად წარმოადგინოს მტკიცებულებები, ქართულ მართლმსაჯულებაში სენსაციაა და ისიც მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირის დასაცავად ხდება, მაშინ, როდესაც, მონიტორინგის შედეგად სხვა არაერთი პირის მიმართაც ასევე დაფიქსირდა მძიმე ბრალდებების წარდგენა. 
 
მართლმსაჯულების საწყის სტადიას რომ გავცდეთ, სასამართლომ, პროკურატურამ და ადვოკატთა კორპუსმა უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს აღკვეთს ღონისძიების სტადიაზე, წინასასამართლო სხდომაზე და ამასთან, უნდა შეინარჩუნოს ერთიანი მიდგომა როგორც გახმაურებულ, ისე სხვა მიმდინარე საქმეების მიმართ. 
 
ეკა ხუციშვილი
პროექტის ანალიტიკოსი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია