GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 აპრილი, 2019

2019 წლის 15 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ -  საბოლოო ანგარიში წარადგინა.

პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ მსხვერპლთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სამართლებრივი დახმარება 7000-მდე მსხვერპლმა მიიღო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაიარა 2500-მდე მსხვერპლმა, ხოლო პროფესიული განათლება მიიღო 71-მა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომელიც დაინერგა პრობაციის სააგენტოსა და 2 პენიტენციურ დაწესებულებაში. საპილოტე  6 თვიანი პროგრამა წარმატებით განხორციელდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის განხორციელების პერიოდში მომზადდა 5 სხვადასხვა კვლევა:

- „ძალადობრივი ქცევის გამომწვევი რისკ ფაქტორები“;

-  „გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სტანდარტები“;

- ნ„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“;

- „ბავშვის მიმართ ძალადობა“;

-  „ლბტ და სექს-მუშაკ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ  აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

- გაჩნდეს ცალკე ჩანაწერი კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით;

- ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების გამო, გადასახედია სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრების საკითხი;

- დასახვეწია კანონმდებლობა ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით;

- აუცილებელია გატარდეს და შემუშავდეს მედიის მიერ სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკა;

- საჭიროა პედაგოგების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გადამზადება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებისა და ფაქტზე რეაგირების შემთხვევების მიმართულებით;

- მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის;

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის ფაქტების გაცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხრიდან, რადგან:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ვერ ახერხებენ, პოლიციისთვის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დროულად მიმართვას;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმეტესობას  არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებების კონვენციით აღებული ვალდებულებების შესახებ;

- პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების რეაბილიტაციის საკითხი. ფაქტობრივად, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული  სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც მიიღებენ ძალადობის მსხვერპლს.

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები საჭიროებს დახვეწასა და ცვლილებებს.

 

პროექტის განხორციელების ეტაპზე, დაიგეგმა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია #ილაპარაკე. საინფორმაციო კამპანია მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე გაიხსნა. #ილაპარაკეს ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლები. კამპანიის ფარგლებშივე გამოიფინა ფოტოები. ჯამში კამპანიის შესახებ ინფორმაცია მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა.

ზემოაღნიშნული საკითხები იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა. ამ საკითხებზე მუშაობას საია მომავალშიც განაგრძობს.

 

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

სხვა სიახლეები