უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე

საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ციხეებში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა. თუმცა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ახალ ხელისუფლებას ერგო, განსაკუთრებით ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, მათ შორის, საზოგადოებაში წლების განმავლობაში გამყარებული ნეგატიური სტერეოტიპები და სასჯელაღსრულების სისტემისადმი არსებული უნდობლობა; ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრებით შეიძლება მოხდეს.

ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მიგვაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ციხეებში მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება. ციხეებში ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარმა პატიმრის ცემის და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის,  პატიმართა გარდაცვალების და სუიციდის შემთხვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა,  ასევე გავრცელებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებმა ციხეებში პატიმართა შიმშილობის ფაქტის, მოშიმშილე პატიმართა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული მოპყრობის ფორმის შესახებ,  დამოუკიდებელი მონიტორინგის საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახადა. 
 
მისასალმებელია, რომ წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გახსნილობა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით და მზაობა, მოხდეს კონკრეტული ფაქტების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება, რაც წინა წლებში სერიოზულ პრობლემას წარმოადენდა. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოსათვის არსებითია, რომ საზოგადოებას ასევე ჰქონდეს  შესაძლებლობა, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წყაროდან მიიღოს სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია  ხელისუფლების, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაზე, მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე. მიჩნეულია, რომ ამ უფლების რეალიზაციის ეფექტურ საშუალებას პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენს.
 
მართალია, საქართველოში 2009 წლიდან არსებობს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მიზნით, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ მექანიზმის არსებობა წინა წლებში არასაკმარისი აღმოჩნდა წამების პრევენციისათვის, უფრო მეტიც - როგორც არაერთი ვიდეო კადრითა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურდა - წამება სისტემურ პრობლემად იყო ქცეული პრევენციის ეროვნული მექანიზმის არსებობის მიუხედავად. 
 
წამება და არაადამიანური მოპყრობა სპეციფიური დანაშაულია, რომლის დასამარცხებლად აუცილებელია მუდმივი და მიზანმიმართული ძალისხმევა. სასჯელაღსრულების სისტემაში გაუმჯობესებული მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ მოგვცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას და იმის გარანტიას, რომ ეს უმძიმესი დანაშაული, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მისი ხელშემწყობი გარემოებები, აღმოფხვრილია. 
 
მიგვაჩნია, რომ ეთიკური და პროფესიული ქცევის კოდექსის საფუძველზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგი მხოლოდ დაეხმარება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას, გაამყარებს სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ წარმატებებს, შეუწყობს რა ხელს  პატიმართა უფლებების დაცვის ტრადიციად გადაქცევას და სასჯელაღსრულების სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნებას; ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს ის, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებს ციხეებიდან შემოსული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ, რათა ერთის მხრივ არ გავრცელდეს არასწორი, სისტემისათვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია, ხოლო მეორეს მხრივ არსებული პრობლემები სათანადო ყურადღებისა და რეაგირების გარეშე არ დარჩეს. მონიტორინგი დაეხმარება ხელისუფლებას, ადრევე დააფიქსიროს შესაძლო სირთულეები,  კანონმდებლობასა და  პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და დროულად მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, რათა არ მოხდეს ცალკეული ინციდენტების სისტემურ პრობლემებად ჩამოყალიბება. 
 
აღნიშნულ განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ვაწარმოოთ დიალოგი სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან  მონიტორინგის ფორმატის და მონიტორთა მანდატის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, ასევე ეთიკის კოდექსის შექმნის მიზნით, რომელიც მონიტორებმა უნდა დაიცვან თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. მიგვაჩნია, რომ წამების პრევენცია მხოლოდ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი და მიზანმიმართული ძალისხმევითაა შესაძლებელი.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" 
ახალგაზრდები სამართლიანობისათვის
საზოგადოებრივი დამცველი
იდენტობა
 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge