საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 30 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს და მოუწოდებს ხელისუფლებას მათი დროული და ეფექტური შესრულებისაკენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის მიერ ა.წ. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს საქართველოს მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით (http://www.ohchr.org/english/bodies/hrc/docs/CCPR.C.GEO.CO.3.CRP.1.pdf). გაეროს მოცემული კომიტეტი მოწოდებულია შეაფასოს _ რამდენად ეფექტურად ხდება გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა და უზრუნველყოფა.

საია იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დადებით შეფასებას საქართველოს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. ამავე, დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეთანხმება კომიტეტის მიერ იმ პრობლემების იდენტიფიცირებაში, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური და დროული რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის:

• წამების წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმები - ექსტრადიციის, დეპორტაციისა და გადაცემის დროს ეფექტური საკანონმდებლო და პროცედურული მექანიზმების შექმნა, რათა გადაცემულ პირს არ დაემუქროს წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა;

• ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის გააქტიურება, მათ შორის ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა დაცვის (თავშესაფრების შექმნა) თვალსაზრისით;

• სიცოცხლის უფლება, გადამეტებული ძალის გამოყენება – კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს გასულ წლებში ეჭვმიტანილის დაკავების დროს, სპეციალური ოპერაციების თუ პენიტენციალურ სისტემაში ძალის გადამეტების ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. საია ეთანხმება კომიტეტს 2006 წელს მე-5 საპყრობილეში განვითარებული მოვლენების დროულ გამოძიების აუცილებლობაში. ამავე დროს, აუცილებლად არის მიჩნეული პოლიციისა თუ პენიტენციალური სისტემის თანამშრომლების ეფექტური სწავლება მოცემულ პრობლემებთან მიმართებაში;

• ჰუმანური მოპყრობა – კომიტეტი მიუთითებს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა რაოდენობის შემაშფოთებელ რიცხვზე და აუცილებლად თვლის მოცემული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას სახელმწიფოს მხრიდან;

• დამოუკიდებელი და კორუფციისგან თავისუფალი მართლმსაჯულება – კომიტეტი მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე და აუცილებლად თვლის როგორც ინსტიტუციურ ცვლილებებს, აგრეთვე ნებისმიერ ბრალდებაზე ადეკვატურ და დროულ რეაგირებას;

• გამოხატვის თავისუფლება – ჟურნალისტების უფლებები – კომიტეტი მიუთითებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე და მოუწოდებს ხელისუფლებას მოცემული ფაქტების დროულ გამოძიებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და დასკვნების დროულ და ეფექტურ გათვალისწინებას და გამოხატავს მზადყოფნას მოცემულ პროცესში კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.  

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge