საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის პრობლემური საკითხები

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას. საია მიესალმება „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების თაობაზე“ კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც არის მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი და ითვალისწინებს საბიუჯეტო დაწესებულებებში, როგორც თანამდებობრივი სარგოს, ასევე დანამატებისა და პრემიების საკითხის მოწესრიგებას. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, საია საჭიროდ მიიჩნევს წარმოადგინოს კანონპროექტის პრობლემური საკითხები, რომელიც საჭიროებს ცვლილებებსა და გაუმჯობესებას საქართველოს მთავრობის მიერ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე.

საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას. კანონპროექტის მიხედვით, განსხვავებული ანაზღაურების სქემები და კოეფიციენტები მოქმედებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურებისათვის,  ასევე დიფერენცირებული მიდგომა არსებობს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეების ანაზღაურებებს შორის. გარდა ამისა, ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება განსხვავებული წესით, რაც ვერ უზრუნველყოფს ანაზღაურების ერთიანი სისტემის მინიმალური სტანდარტის შექმნას.

საია მიიჩნევს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს ყველა საჯარო დაწესებულებაზე და თავად კანონმა უნდა დაადგინოს ანაზღაურების საგამონაკლისო წესი კონკრეტული საჯარო დაწესებულებების ან მოსამსახურეებისათვის, რასაც წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს. კანონპროექტის თანახმად, მისი მოქმედება არ ვრცელდება შესაბამის უწყებებში დასაქმებული სამხედრო და სპეციალური წოდების მოსამსახურეებზე, პროკურატურის მუშაკებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საერთო სასამართლოს მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსამსახურეებზე.

წინამდებარე დასკვნა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგო, სახელფასო და საკლასო დანამატი; ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ანაზღაურების წესი და ოდენობა; სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი და ოდენობა; კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა და ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედების წესი.

კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა  შემდეგი რეკომენდაციებს:

- ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე (დანართი 1) კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;

- გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი (დანართი 2), მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;

- განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;

- გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა გაიზარდოს (1 კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;

- განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს  ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;

- ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;

- გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;

- გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;

 

- სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;

- დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.

- სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის 1 იანვრიდან;

- ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge