საიამ „ეგერია სოლუშენთან“ ერთად, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით მოამზადა დოკუმენტი - “საკრებულოს მიერ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაზე ზედამხედველობის გზამკვლევი“

გიზიარებთ „საკრებულოს მიერ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაზე ზედამხედველობის გზამკვლევს“. დოკუმენტი საიამ „ეგერია სოლუშენთან“ ერთად, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით მოამზადა.

გზამკვლევის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს მუნიციპალურ დონეზე ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ აღმასრულებელი ორგანოს - მერის საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმები და შესაბამისი პროცედურები.

გზამკვლევში განხილულია, როგორც მთლიანი საკრებულოს, ისე საკრებულოს ცალკეული წევრის (დეპუტატის), ფრაქციის და კომისიის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოს საზედამხედველო მექანიზმების არსი, დანიშნულება და გამოყენების წესი.

მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ისეთ მექანიზმებზე, როგორიცაა: საკრებულოს წევრის ზეპირი და წერილობითი შეკითხვები, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრები, ინტერპელაცია, საკრებულოს კომისიის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის მოწვევა (სავალდებულო დასწრება), საკრებულოს სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის მოწვევა, ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, ბიუჯეტის დამტკიცება და მისი შესრულების კონტროლი, თემატური მომხსენებელი, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი, თემატური მოკვლევა, მერისთვის უნდობლობის გამოცხადება, მერის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება, დამოუკიდებელი აუდიტი (მოწვეული აუდიტორი), მერის ანგარიშ(ებ)ის მოსმენა, დროებითი სამუშაო ჯგუფი, შესყიდვების ანგარიშის მოსმენა, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების გენდერული ექსპერტიზა.

გზამკვლევი, აგრეთვე განიხილავს შესაძლო რეაგირების ზომებს ზედამხედველობის დადგენილი წესების დარღვევისთვის. გარდა ამისა, დოკუმენტი საკრებულოს სთავაზობს საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების, აღრიცხვისა და ზედამხედველობის შესახებ პრაქტიკის პროაქტიული გამოქვეყნების რეკომენდებულ ჩარჩოს.

გზამკვლევი შეიცავს წერილების/ანგარიშების ნიმუშებსაც, რომელიც საკრებულოს სუბიექტებს გაუადვილებს მათ გამოყენებას პრაქტიკაში.

საიას და ეგერია სოლუშენსის ერთობლივი სახელმძღვანელო შესაძლებლობას აძლევს წარმომადგენლობით ორგანოს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად დანერგოს და განავითაროს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო მექანიზმები. თავის მხრივ, ეფექტიანი კონტროლი გააძლიერებს აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ხარისხს, გააუმჯობესებს ადგილობრივი ბიუჯეტის სათანადოდ ხარჯვას და გაზრდის მოქალაქეების ინფორმირებას აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის შესახებ.

იხილეთ გზამკვლევი 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge