პლაკატების და ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას საია არ ეთანხმება

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.[1]

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1502 მუხლი, რომლითაც ხდება  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების 150-ე მუხლიდან ცალკე  გამოყოფა და დაწესებულია უფრო მაღალი ჯარიმები,  ვიდრე ეს 150-ე მუხლით დღეისათვის არის დადგენილი. კერძოდ, 1502 მუხლი იმეორებს 150-ე მუხლის შინაარსს (სამართალდარღვევას წარმოადგენს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი), თუმცა, აღნიშნული ქმედების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელება, იწვევს უფრო მაღალე ჯარიმებს, ვიდრე ეს დღეისათვის არის დადგენილი.

საია მიიჩნევს, რომ:

- სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს;

- 150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად“, და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს[2]. საია-ს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 25-ე (მშვიდობიანი შეკრების უფლება) და 26-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს;

- წარმოდგენილი კანონპროექტით არ აღმოიფხვრება ის შინაარსობრივი პრობლემა, რომლითაც 150-ე მუხლი ხასიათდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, ისევე როგორც კანონპროექტით გათვალისწინებული 1502 მუხლი, არ არის ვიწროდ მიზანმიმართული და აწესებს ზედმეტად ფართო შეზღუდვებს;

- აღნიშნული ნორმები ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებს ბანერის განთავსებას, რასაც ზიანი საერთოდ არ მოაქვს საჯარო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისათვის იმგვარი ქმედებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს იერსახის დამახინჯება;

-განსახილველი ნორმებით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების  თავისუფლებებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,  როგორც 150-ე, ასევე 1502 მუხლები ჩამოყალიბდეს იმგვარი შინაარსით, რომ არ იწვევდეს სპონტანური გამოხატვის სამართალდარღვევად მიჩნევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული ჯარიმა (რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს ის), ისევე როგორც სიტყვიერი შენიშვნაც კი, აიძულებს პირს, უარი თქვას სამოქალაქო აქტივობაზე და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაზე.

 

 

 

 


[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/15374;

[2] იხ. საია-ს ანგარიში ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“, გამოცემულია 2017 წელს https://goo.gl/ajguSs


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge