მიმართვა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე  ქვეყნის  საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს.

აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები ამ წინადადებით ქვეყნის კანონმდებლებს მიმართავენ:

"საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.

 

სწორედ ხსენებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს:

 

"საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან".

 

კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული, რათა 2016 წელს მორიგი  საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე  გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.

 

იმედი გვაქვს, წინამდებარე მიმართვის ტექსტში წარმოდგენილი კონსესუსი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, თქვენი მხარდაჭერითა და საერთო ძალისხმევით აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებში''.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge