„გურიის მოამბის“ რედაქტორი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

„გურიის მოამბის“ რედაქტორი, თეა იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას საია უწევს.

თეა იოსელიანმა მუქარის შემცველი შეტყობინება ,,Facebook”-ის მეშვეობით მიიღო და მას შეტყობინების გამგზავნი პირი შვილების დახოცვით დაემუქრა. გამოძიების მიერ დადგენილი პირი განხორციელებულ მუქარას, 20 ივნისის ე.წ. "გავრილოვის ღამის" მოვლენებს უკავშირებს და მუქარის მოტივად ასახელებს იმ ფაქტს, რომ თეა იოსელიანმა თბილისის მერიის მისამართით ამ უკანასკნელის დამადანაშაულებელი პოსტი გამოაქვეყნა, რაზედაც მან მუქარით უპასუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მუქარა) გრძელდება. ამ დროისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს.

საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტის მუქარის ფაქტზე გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აწარმოოს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge