საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ დღეს 7  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. ამ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება და აღნიშნული ევროპული სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში განიხილება. 

რუსეთის ფედერაციის და მის მიერ ეფექტიანად კონტროლირებადი ძალების მიერ ყოველდღიურად მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფონზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებართვის გაცემა კიდევ უფრო შემაძრწუნებელი, ღირსების შემლახავია, ვინაიდან წარმოადგენს კონსტიტუციით ცხადად განსაზღვრულ საგარეო კურსთან შეუთავსებელ მოქმედებას. ამის შესახებ, მათ შორის, შეფასებები გააკეთეს სახელმწიფოს სტრატეგიულმა პარტნიორებმაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე გამოცემული აქვს დაკავების ორდერი, იგი ომის დანაშაულებში ბრალდებულია, ხოლო, რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო სახელმწიფო, ტერორიზმის სპონსორად არის აღიარებული. 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან კავშირში, შემაშფოთებელია, რომ დღეს, 2023 წლის 19 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისს საქართველოს მოქალაქეები მწვავე პროტესტით დახვდნენ. მშვიდობიან აქციაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 6 პირი.

ცხადად შეცნობადია, რომ სამართალდამცავი ორგანოები დღევანდელ პროტესტზე ნაცვლად კანონის ფარგლებში მოქმედების, ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობასა და მშვიდობიან დიალოგზე დაფუძნებული მიდგომისა, კვლავ მიმართავდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკას, რომელიც არის სახელმწიფოს იარაღი, შეავიწროვოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის სივრცე განურჩევლად ყველასთვის, ვინც კრიტიკულ აზრს აფიქსირებს.

ვინაიდან ხსენებულ საკითხზე საჯაროდ გავრცელებულ წყაროებში შეკრება/მანიფესტაცია კვლავ არის დაგეგმილი, ხოლო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს, მკაფიოდ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დაიცვას დემონსტრაციების დროს სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის პრინციპები, უზრუნველყონ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების სრულყოფილი რეალიზება; 

- თავი შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და უკანონო ადმინისტრაციული დაკავებებისგან, დაიცვას მათი უფლებები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემას. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge