8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო

2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქცია „დაიცავი შენი ხმა“, რომლის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლა. ცესკოს წინ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილის მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის ერთეული მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა, ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამასთან, წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით. ასევე, შესაბამის ორგანოებს აქციის იმ მონაწილეებისგან, რომლებიც დამცავი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, ამ ქმედებების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. იმავდროულად, მათ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

მოგვიანებით,[1] აქციის მიმდინარეობისას, საათზე მეტი დროის განმავლობაში, სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებდნენ. თუმცა, ამ პერიოდშიც აქციის მონაწილეების უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და კანონს მხოლოდ მცირე ნაწილი არღვევდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ  კანონით[2] აღიარებული და გარანტირებული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს კონსტიტუციით[3] დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი, ამასთან, შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი.

კანონშესაბამისობა - „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის[4] შესაბამისად, პოლიციელი ვალდებულია, ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია.

კანონმდებლობა პოლიციის მხრიდან სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას აქციის მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების შემდეგ უშვებს. მოცემულ შემთხვევაში, 21:43 საათზე,[5] პოლიციის მხრიდან წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე იყო გამოყენებული, რაც შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.[6] აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გაფრთხილების გარეშე გამოყენების აუცილებლობა, რადგან იმ მომენტში აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ შენობის მიმდებარედ არსებული ღობის მიღმა, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ იყო, ხოლო შენობაში შეჭრის მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. გავრცელებული კადრებიდან ასევე არ ჩანს, რომ რეალური და მყისიერი საფრთხე ემუქრებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ან სხვა გარშემო მყოფთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

პროპორციულობა - პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისთვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.[7]

არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებების ინტენსივობა და ფორმა. საერთაშორისო სტანდარტებით, წყლის ჭავლი წარმოადგენს სპეციალურ საშუალებას, რომელსაც მიმართავენ მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი არეულობისას, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან არსებობს ქონების მასობრივად განადგურების რისკი.[8] სპეციალური საშუალებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია აქციის მონაწილეებთან ინდივიდუალურ დონეზე გამკლავება.[9] ასევე, არ შეიძლება წყლის ჭავლის გამოყენება ინდივიდუალური პირების ან მცირე ჯგუფების მიმართ ან მცირე მანძილიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი დაბრმავება, ან, როდესაც არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი - წაქცევის, კედელსა ან მაგარ საგანზე შეხეთქების შედეგად.[10]

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში წყლის ჭავლი გამოიყენებოდა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ინდივიდუალური პირების მიმართ, რის შედეგადაც, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო აქციის 10-მდე მონაწილემ.[11] იმ პირობებში, როდესაც დემონსტრანტების მხრიდან არ ხდებოდა მასობრივი დარღვევები და არ არსებობდა მყისიერი საფრთხე,მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება იყო არაპროპორციული.

ამასთან, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის ფონზე, ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო სხვა, ნაკლებად მძიმე საშუალების გამოყენება.

აუცილებლობა - პოლიციის მიერ მიღებული ზომა ასევე არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის კრიტერიუმს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს. მცირე ჯგუფის მხრიდან დაუმორჩილებლობა და ძალის გამოყენება ავტომატურად არ გარდაქმნის სხვაგვარად მშვიდობიან აქციას არამშვიდობიანად.[12] ნებისმიერი ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტულ ინდივიდებთან გამკლავებას და არა – მთლიანი აქციის დაშლას. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები.[13] აქედან გამომდინარე, ძალის გამოყენება აქციის იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობის გამწევთა რიგებში არ არიან, არ არის გამართლებული.[14] გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში დემონსტრანტების უმრავლესობა მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა პროტესტს. აქციის მხოლოდ ერთეული მონაწილეები მიმართავდნენ დაუმორჩილებელ და ძალადობრივ ქმედებებს, რაზეც სამართალდამცავებს ინდივიდუალური ხასიათის ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ (ამ ინდივიდუალური ქმედებების აღსაკვეთად) და არ ჩარეულიყვნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში.

შსს სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად აეცილებინა თავიდან იმ დემონსტრანტების დაშლა და დაზიანება, რომლებიც არ იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულნი. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არალეგიტიმური იყო.  

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ასევე, დაზიანდა მათი ტექნიკა.[15] პოლიციამ არ დაიცვა კანონით მისთვის დადგენილი ვალდებულება,[16] ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ:

შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:

- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე;

- უზრუნველყოს გამოძიების წარმართვა ეფექტიანად და გონივრულ ვადაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- აქციებზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არალეგიტიმური და არაპროპორციული გამოყენება;

- დემონსტრაციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათ მიერ საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება.

ხელისუფლებას და პოლიტიკურ ორგანიზაციებს:

- გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა და გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ.

 


[1] ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ live-ტრანსლაცია. ხელმისაწვდომია: https://www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew/2020-11-08/22:40:49.

[2] საქართველოს კანონი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

[3] საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი.

[4] საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 

[5] ტელეკომპანია „ფორმულას“ live-ტრანსლაცია. ხელმისაწვდომია. http://www.myvideo.ge/tv/formula/2020-11-08/21:43:06.

[6] შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის ბრიფინგი. ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-ministris-pirveli-moadgilis-kakha-sabanadzis-brifingi/14117.

[7] „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი.

[8] OHCHR, Guidance on Less-lethal Weapons in Law Enforcement, (2020), 38. Available at: https://www.ohchr.org/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf.

[9] Cf. Amnesty International Netherlands Guidelines, Guideline no. 7h) and section 7.4.2, p. 157-8.

[10] OHCHR, Guidance on Less-lethal Weapons in Law Enforcement, (2020), 38. Available at: https://www.ohchr.org/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf.

[11] შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის ბრიფინგი. ხელმისაწვდომია:

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-ministris-pirveli-moadgilis-kakha-sabanadzis-brifingi/14119.

[12] European Court of Human Rights, Christian Democratic People’s Party v. Moldova (No.2) (2010), p. 23.

[13] OSCE/ODIHR, Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, SECOND EDITION, §164.

[14] European Court of Human Rights, Christian Democratic People’s Party v. Moldova (No.2) (2010), p. 23.

[15] Media Cheker-ის განცხადება: ცესკოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა ტექნიკა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kfG2OV. 

[16] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge