1921

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.

დღეს საქართველოს პარლამენტის ჭერქვეშ ხელისუფლება მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

და მაინც, როგორია 100 წლის შემდეგ 100 წლის წინანდელი კონსტიტუციური ტრადიციის მემკვიდრეობა? რას ვესწრაფოდით მაშინ და რას ვნატრობთ ახლა? რას ვზეიმობთ და გვაქვს თუ არა რაიმე საზეიმო?

პარლამენტის ჭერქვეშ კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველგვარ აზრს უკარგავს პარლამენტის გარეშ განვითარებული მოვლენების შინაარსი. მაშინ როდესაც მმართველი გუნდი საუკუნის წინანდელ კონსტიტუციურ ღირებულებებს ეტრფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტივისტებს უფლებას არ აძლევენ პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვის მიზნით გაშალონ კარვები და ამით გამოხატონ საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ.

არადა სწორედ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 33-ე მუხლში ვკითხულობთ: „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.“ ჯერ კიდევ 100 წლის წინ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველეყო მოქალაქეთა უიარაღო შეკრების უფლების რეალიზება, თუმცა დღეს ვხედავთ როგორ „პირნათლად“ ასრულებენ სახელმწიფო ორგანოები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. სწორედ ამ დროს იტყოდნენ ხოლმე ძველად „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“.

კონსტიტუციონალიზმის მიხედვით, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ისეთ ღირებულებებს  როგორიცაა თავისუფალი საზოგადოება, კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლის უზენაესობა. აღნიშნული იდეალების პრაქტიკაში რეალიზებისთვის სახელმწიფოები იღებენ კონსტიტუციებს, როგორც ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით ინსტრუმენტია იდეალების მისაღწევად და არა ღირებულება. თუმცა, ამისგან განსხვავებით, არსებობს ქვეყნები, რომელთა ისტორიული მემკვიდრეობა შეიცავს კონსტიტუციური ღირებულებებისადმი პატივისცემის თანმიმდევრულ ტრადიციას, რის გამოც მათ უარი თქვეს დაწერილი კონსტიტუციის მიღებაზე.

და მაინც, როგორია 100 წლის შემდეგ 100 წლის წინანდელი კონსტიტუციური ტრადიციის მემკვიდრეობა? რას ვესწრაფოდით მაშინ და რას ვნატრობთ ახლა? რას ვზეიმობთ და გვაქვს თუ არა რაიმე საზეიმო?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია გავიხსენოთ წინა კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ნათქვამი სიტყვები, რომელიც  მმართველ გუნდსა და საზოგადოებას აშინებდა ყოფილი პრეზიდენტის რეჟიმის კვლავ დაბრუნებით, რომელსაც შეუძლია ჩვენი ძვლებში დამტვრევა, ციხეში დაჭრა და კიდევ უამრავი უბედურების დამართვა. რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ 100 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ვერ შევძელით ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამართვა, რომელმაც უნდა დაგვიცვას სახელისუფლებო შტოების მიერ ძალაუფლების უზურპაციისგან.

ჯერ კიდევ ვერ შევძელით დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რომელიც არ დაუშვებდა მმართველი გუნდის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს. მსგავსად ამისა ვერ შევქმენით:

მრავალპარტიული პარლამენტი;

მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პროკურატურა;

პოლიცია;

საარჩევნო ადმინისტრაცია;

...

ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ შევქმენით.

და ვერც შევქმნით.

ვერ შევქმნით მანამ, სანამ არ გავიაზრებთ რა გვინდა ახლა, რა გვინდოდა 100 წლის წინ და რა გვსურს მომავალში.

კონსტიტუცია არ არის კონსტიტუციური ღირებულებების მოქმედების არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა. თუკი ერი სახელმწიფო არ არის მიჩვეული კონსტიტუციურ ღირებულებებისა და ტრადიციებზე დაფუძნებულ მმართველობას, კონსტიტუცია ემსგავსება საშიშ ინსტრუმენტს, რომლის ინსტრუქციის საწინააღმდეგო მოქმედება ანგრევს იმ ღირებულებებს, რასაც ის უნდა ემსახურებოდეს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge