GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 ოქტომბერი, 2021

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაუმართლებლად ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას პირის იდენტიფიცირების დროს და აჩენს ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკებს.

16 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „პოლიციის შესახებ“ კანონში, კერძოდ კი პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის ნაწილში. დაგეგმილი ცვლილებებით, პოლიციელს უფლება ენიჭება, პირის იდენტიფიცირების მიზნით ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებით, თუკი ივარაუდებს, რომ მისი წარდგენილი პირადობის ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მონაცემები არასანდოა. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი აღარ იქნება ვალდებული, განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების თაობაზე ავტომატურად შეადგინოს ოქმი. 

საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როცა ადამიანები არსებითი დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს. მაგალითად, ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის დროს, ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. აღნიშნული კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოქმედებები ტარდება სამართალდამცავის პირადი მობილური-ტელეფონის საშუალებით, საიდანაც მუდმივად არსებობს მონაცემების გავრცელების ან მათი არასათანადოდ გამოყენების რისკები. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა. 

წარმოდგენილი კანონპროექტით კი სამართალდამცავებს უფლება ენიჭებათ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაამუშავონ სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემებიც, თუკი პოლიციელი ვარაუდობს, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები, ანდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები, არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას.[1] კანონპროექტის ამ ჩანაწერების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიკაცია და მისი პირადი მონაცემების დამუშავება ისე, რომ ამისთვის ოქმის შედგენაც არ იქნება სავალდებულო. ამასთან ერთად, კანონი ბუნდოვნად ტოვებს, საჭიროა თუ არა იდენტიფიკაციის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე მოქალაქის ინფორმირება. გარდა ამისა, კანონპროექტი არ აზუსტებს, რა ტიპისა და მოცულობის მონაცემებზე ექნებათ პოლიციელებს წვდომა, ან როგორ იქნება დაზღვეული, რომ ეს უფლებამოსილება პოლიციელმა ისე არ გამოიყენოს, რომ ამის თაობაზე მოქალაქეს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდოს.[2]

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობა სამართალდამცავს ავალდებულებს, პირისიდენტიფიკაციის თაობაზე დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი.[3] შესაბამისად, დამკვიდრებულისაპოლიციო პრაქტიკა, რომლის დროსაც პოლიციელი არ ადგენს იდენტიფიცირების თაობაზე სათანადო ოქმს, არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია ამ საკითხზე სასამართლოშიც დაიცვას საკუთარი უფლებები. დაგეგმილი ცვლილებით კი, თავისი არსით უკანონო და დაუსაბუთებელი საპოლიციო პრაქტიკები კანონის ჩარჩოებში ექცევა და ამ გზით ლეგალური ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა ისე, რომ პოლიციელს ავტომატურად არ წარმოეშობოდეს ამ ღონისძიების და ოქმების ვალდებულება. მოქალაქეს მხოლოდ ის შესაძლებლობა ექნება, რომ ამშემთხვაში 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს უფლების დაცვის სათანადო გარანტიად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბუნდოვანია, როგორ აისახებაეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში, მათ შორის აისახება თუ არა ბაზაში შეჩერებისა დაგადამოწმების მიზეზები, ან საერთოდ რამდენად განემარტებათ მოქალაქეებს ასეთი უფლების შესახებ ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის ამ სახით მიღება და მანკიერი საპოლიციო პრაქტიკების კანონის ფარგლებში მოქცევა. 

ხელმომწერები: 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 

 

 


[1] საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი,

[2] საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/283820

[3] „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი. 

სხვა სიახლეები