GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 აპრილი, 2012

 

24 აპრილი 2012

თბილისი, საქართველო

ქალბატონო ფატუ ბენსუდა, ბატონო ლუის მორენო ოკამპო,

ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით ქალბატონო ფატუ ბენსუდას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლო) მომავალ პროკურორად არჩევას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს როლი საერთაშორისო მართლმსაჯულების გაძლიერებაში და საერთაშორისო დანაშაულების დასჯის კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ცხრა წლის განმავლობაში.

ბატონო პროკურორო, ქალბატონო პროკურორო, დღეს ჩვენს გწერთ, რათა თქვენი უფლებამოსილები ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის, რომელზეც 2008 წლიდან სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, აღსრულდეს მართლმსაჯულება.

სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მან საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარი მოკვლევა დაიწყო. სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კონფლიქტის დროს ჩადენილ იქნა  მძიმე დანაშაულები, მათ შორის ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილება მოუწია 23 ათასზე მეტ ადამიანს, გადამწვარი და მიწასთან გასწორებული იქნა სოფლები, ხოლო, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მთლიანად იქნა გაწმენდილი ეთნიკური ქართველებისაგან. არსებობს მტკიცებულებები კონფლიქტის ორივე მხარეს ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

პროკურორის ოფისის დელეგაციის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში ორჯერ, 2010 წლის მარტში და 2011 წლის თებერვალში განხორციელდა, ხოლო საქართველოში ისინი 2010 წლის ივნისში იმყოფებოდნენ. 2011 წლის სექტემბერში ორივე სახელმწიფოს მთავრობებს ეთხოვათ პროკურორისათვის წერილობით წარედგინათ ინფორმაცია მიმდინარე ეროვნული გამოძიებების შესახებ, რაც მათ 2011 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში შეასრულეს. 2011 წლის 13 დეკემბერს პროკურორის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში წინასწარი მოკვლევების ფარგლებში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ”არსებობს გონივრული საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს მოხდა სამოქალაქო მოსახლეობის ქონების ძარცვა და განადგურება, იყო წამების შემთხვევები. არის გონივრული საფუძველი იმის სარწმუნოდ, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მოსახლეობის იძულებითი გადაადგილებისა და დეპორტაციის კუთხით. ცალკე შეფასებას საჭიროებს ორივე მხარის მიერ უკანონო თავდასხმის ფაქტები, მათ შორის რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ განხორციელებული თავდასხმები”.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს გამოძიება, არც ერთ მხარეს საჯარო არ გაუხდია ამ გამოძიებების მიმდინარეობის შედეგები, რათა ეჩვენებინა, რამდენად ეფექტურია ისინი. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეროვნული გამოძიებების მიმდიანრეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებულების, მათი სამართლებრივი წარმომადგენლების, ფართო საზოგადოებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.  უფრო მეტიც, თავის 2010 წლის 29 სექტემბრის ანგარიშში, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში და მის შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, თომას ჰამერბერგმა გამოკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში სამი ეთნიკურად ოსი პირის გაუჩინარების ფაქტს შეეხება. ქართულ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევისა და მასალების შეგროვების შემდგომ, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოსცა ორი ანგარიში,  რომელიც ასევე საუბრობს ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების მნიშვნელოვან ხარვეზებზე.   გარდა ამისა, თავის 2012 წლის მსოფლიო ანგარიშში, Human Rights Watch აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს, რათა უზრუნველყოს მისი სამხედროების მიერ ჩადენუილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

მიგვაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავე პირთა მსჯავრდებას. ამ დანაშაულებისათვის მსჯავრდების შემთხვევაში არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გვჯერა, რომ შექმნილ ვითარებაში სასამართლოს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ბატონო პროკურორო, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე წინასწარი მოკვლევის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებით, სასამართლომ და პროკურორის ოფისმა უკვე ითამაშა კატალიზატორის როლი ეროვნულ დონეზე გამოძიებათა დაწყებისათვის. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თვალს ვადევნებთ ეროვნულ დონეზე გამოძიებათა მიმდინარეობას, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება არ მიმდინარეობს რომის სტატუსის მოთხოვნებისა და კომპლიმენტარობის პრინციპის დაცვით. ამასთან, რუსეთისა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ძალისხმევის არ არსებობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში - იქ, სადაც ყველაზე სერიოზული დანაშაულები იქნა ჩადენილი, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, არ აქვს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულები.

თუკი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოს და პროკურორის ყურადღება შესუსტდება, ვშიშობთ, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებები ფაქტობრივად შეჩერდება/შეწყდება. ამ ფაქტს კი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთლიანად კავკასიის რეგიონში, რომელსაც ბოლო 20 წლის განმვალობაში არაერთი კონფლიქტი უნახავს და სადაც დაძაბულობა კვლავ გრძელდება. მეორეს მხრივ, სასამართლოს ძლიერმა ჩართულობამ 2008 წლის ომის მოვლენებში შესაძლოა შეცვალოს დამკვიდრებული რეალობა მთლიანად კავკასიის რეგიონში, რომელსაც უნახავს ბევრი დანაშაულები, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა იშვიათად თუ მომხდარა.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ პროკურორის ოფისის მიერ სწორად წარმართული ძალისხმევა უზრუნველყოფს დაზარალებულთათავის სამართლიანობის აღდგენას.

ამ მიზნის მისაღწევად, გთხოვთ, განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:

1. გააძლიეროთ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან მოლაპარაკებები ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებების შესახებ და მოითხოვოთ, რომ ამ გამომძიებების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისათვის;

2. მოხდეს სასამართლოს 2011 წლის დეკემბრის ანგარიშის განახლება წინასწარი მოკვლევის შედეგების შესახებ;

3. სასამართლოს/პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული წინასწარი მოკვლევის შედეგად მიხვალთ რა იმ დასკვნამდე, რომ ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიებები არ არის ეფექტური, როგორც ეს ზემოთ იქნა აღწერილი, მოგიწოდებთ, ქალბატონო პროკურორო დაიწყოთ ოფიციალური გამოძიება საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩდენილ დანაშაულებზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საზოგადოებრივი დამცველი

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია

სხვა სიახლეები