სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ რეპრესირებულთა შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

2013-12-12 02:40
Featured image

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ცვლილებებისა და დამატებების მიზანია, უზრუნველყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების ჯეროვანი აღიარება, დაცვა და პრაქტიკაში რეალიზაცია. 

 
შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, კანონით უნდა განისაზრღვროს კომპენსაციის გამოთვლის ობიექტური კრიტერიუმები და კომპენსაციის ოდენობა გახდეს ადექვატური და სამართლიანი; წინა წლებში განვითარებულმა სასამართლო პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე გაცემული კომპენსაციები ცალსახად სიმბოლური ხასიათისაა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივ და მორალურ ვალდებულებებს მსხვერპლთა წინაშე, ასევე - კანონის ზოგად სულისკვეთებას და ამით არაეფექტურს ხდის მის მოქმედებას.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია უნდა გამოითვალოს რეპრესირებულის თავისუფლების შეზღუდვის ადგილას ყოფნის თითოეული თვის მიხედვით, ყოველ თვეზე კანონის მიღების დროისათვის არსებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ოდენობით, თუმცა მიღებული კომპენსაციის საერთო ოდენობა არ უნდა იყოს 2000 ლარზე ნაკლები და 10 000 ლარზე მეტი.
 
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პოლიტიკური რეპრესიაში ყოფნის დაწყების ან/და დასრულების წლის დადგენა, პირს კომპენსაცია მიეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; იმ პირთა პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელთა მიმართ გამოყენებული იქნა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ან გარდაიცვალნენ პოლიტიკური რეპრესიაში ყოფნის პერიოდში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით; იმ შემთხვევაში თუ პირი ექვემდებარება ფულადი კომპენსაციის გადახდას  რამდენიმე საფუძვლით, ფულადი კომპენსაცია გაიცემა არაუმეტეს 10 000 (ათიათასი) ლარისა.  
 
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივებას.  კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების უფლებას  ფინანსთა სამინისტროსაგან, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით, ნაცვლად სასამართლოსა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია. ამგვარი ცვლილება მნიშვნელოვნად გააიოლებს და დააჩქარებს კომპენსაცის მიღების პროცესს და ამგვარად - გააუმჯობესებს მსხვერპლთა უფლებრივ მდგომარეობას.
 
საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს, რომ  ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოთ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება როგორც მსხვერპლთა უფლებების შესახებ, ასევე საბჭოთა რეპრესიების და მათი შედეგების თაობაზე.
 
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას საფუძვლად დაედო რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ადგენენ, რომ მსხვერპლებს აქვს უფლება დროულ და სამართლიან კომპენსაციაზე, უფლება, საზოგადოებამ იცოდეს მათ შესახებ, ახსოვდეთ და პატივს მიაგებდნენ მათ, და სხვ. მოქმედი კანონის შინაარსი, ისევე როგორც მისი  პრაქტიკაში გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლთა ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვან აღიარებას, დაცვასა და რეალიზაციას.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ და დაუახლოვოს საქართველოს კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს რეპრესიის მსხვერპლთა უფლებების შესახებ, რათა მოხდეს მსხვერპლთა უფლებებისა და ღირსების აღდგენა.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს,  რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები გაიზიარებენ ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიზნებს, სულისკვეთებას და მოახდენენ მის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში.