სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოჯახში მოძალადეს მსხვერპლის სასარგებლოდ 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა

2021-12-07 12:58
Featured image

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 29 ოქტომბერს სრულად დააკმაყოფილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მოთხოვნა და მის ყოფილ მეუღლეს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 15 000 ლარის ოდენობით. დაზარალებულის ინტერესებს საგამოძიებო უწყებაში და სასამართლოში საია იცავდა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ ოჯახში ძალადობა სისტემატურად ხუთი თვის განმავლობაში ხდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. აღნიშნულმა დანაშაულმა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და საქმის მასალების გამოკვლევის შემდგომ, სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე განიხილა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და ასევე, მკვეთრად ამსუბუქებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს სხვა ტიპის საქმეებთან შედარებით. კერძოდ, გამარტივებული წარმოებისას მოპასუხეს შესაგებლის მოსამზადებლად ეძლევა არაუმეტეს 7 დღისა და საქმე განიხილება 1 თვის ვადაში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობებში, დადასტურებულად მიიჩნევა ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რადგან გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და დაჩქარებული ვადებში, ნაკლები მტკიცების ტვირთის პირობებში აინაზღაურონ ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.