სიახლეები
საია იცავდს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც პროკურატურა ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და ცრუ დასმენას ედავებოდა.
2018 წლის თებერვალში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა თავად მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მასზე და მის ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის ყოფილი ქმრის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდა მისი დაკავება. თუმცა, რამდენიმე თვის შემდგომ, პროკურატურამ მოულოდნელად ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად ცნო და მსხვერპლს წარუდგინა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით, ხოლო რეალური მოძალადის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა.
პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებული მოწმეების ჩვენებებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის, მხედველობაში არ მიიღო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ბრალდებული ცნობილი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლად.
პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა არცერთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურას საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
გააზიარე: