სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკრებულოებში საიას რეკომენდაციების საფუძველზე რეგლამენტის ცვლილებების განხილვა დაიწყო

2023-11-01 15:09
Featured image

საია აგრძელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის საკრებულოების გაძლიერებას. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის და საიას პარტნიორი მუნიციპალიტეტია. საკრებულომ გასულ კვირას დაამტკიცა რეგლამენტის ცვლილებები, რომლითაც გაზარდა საკრებულოს საზედამხედველო როლის მნიშვნელობა. საია მოხარულია, რომ ლენტეხის საკრებულო გაუმჯობესებული რეგლამენტით შეუდგება საქმიანობას. გარდა ლენტეხისა, ჩოხატაურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს უკვე დაწყებული აქვთ რეგლამენტის ცვლილებების საკომისიო განხილვები.

გასულ პერიოდში, საია აქტიურად სწავლობდა საკრებულოს საქმიანობას, რომლის შემდეგ შეიმუშავა დეტალური რეკომენდაციები, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს საზედამხედველო როლის გაძლიერებას და სისტემატიზაციას ისახავდა მიზნად.

ამ რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რეგლამენტების და კომისიის დებულებების ცვლილებების პროექტები. თითოეული მათგანი მორგებული იყო კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებას. შეთავაზებული ცვლილებებით გასწორდა ხარვეზები, როგორც საკანონმდებლო ტექნიკის ისე ზემდგომ სამართლებრივ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. პროექტით საკრებულოს დაემატა ახალი მექანიზმი, თემატური მოკვლევა. ამ და სხვა არსებული მექანიზმების დახვეწით გაიზარდა საკრებულოს კომისიების როლი და საზედამხედველო ფუნქცია. არსებული მექანიზმები, რომლებიც ნაწილობრივ ნახსენები იყო რეგლამენტებში პროცედურულად დეტალურად გაიწერა, რამაც მეტად გასაგები და სისტემატიზირებული გახადა. მექანიზმების გამოყენების შესახებ სტატისტიკის და ინფორმაციის ფრაგმენტულობის თავიდან ასარიდებლად გაძლიერდა კომისიების და აპარატის როლი მონაცემთა შეგროვების და დამუშავების ნაწილში.

პროექტის ფარგლებში საია კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას ლენტეხის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, მესტიისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან, როგორც საკნონმდებლო ბაზის ისე პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.