სიახლეები
2020 წლის 6 აპრილს მწვანე ალტერნატივა და საია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
საია და მწვანე ალტერნატივა სასამართლოში დაიცავენ პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც პროექტის ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.
ჰესის მშენებელმა კომპანიამ- შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.
ამასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.
გააზიარე: