GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 დეკემბერი, 2015

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

იუსტიციის საბჭოს 2014 წლის 24 სექტემბრის 1/86 გადაწყვეტილებით, კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნამდე, საბჭო კანდიდატის შესახებ იძიებს ინფორმაციას და მოგროვებული ინფორმაციისა და კანდიდატთან გასაუბრების საფუძველზე, აფასებს კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს. სანამ საბჭო კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ამ ორივე კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატი დადებით შეფასებას იმსახურებს.

ამგვარად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თითოეული კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, ასევე კეთილსინდისიერებასა და პროფესიულ და მორალურ რეპუტაციაზე დეტალურად იმსჯელოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისა და პატივისცემის გაღვივებას. საამისოდ აუცილებელია, რომ საბჭომ მხოლოდ ის პირები დანიშნოს მოსამართლეებად, ვისაც საზოგადოებაში მაღალი რეპუტაცია და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ. ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ საბჭომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს და შეაფასოს იმ პირთა პროფესიული საქმიანობა, ვისაც უკვე აქვს სამოსამართლეო გამოცდილება და ვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის გამოც საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ამ დრომდე ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილებების მიუკერძოებლად მიღების პრინციპთან. იუსტიციის საბჭომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმსჯელოს იუსტიციის საბჭოს მდივნის, რომელიც ამავე დროს მიმდინარე კონკურსის მონაწილეა, ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე და უზრუნველყოს, რომ იგი არ ესწრებოდეს მიმდინარე გასაუბრებებს, ასევე მოხდეს მისი ჩამოცილება მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებისაგან.    

იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ასევე შერჩეული კანდიდატები არ გააღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში წლების განმავლობაში დაგროვილ უნდობლობას და პირიქით - ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში რწმენისა და პატივისცემის ამაღლებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

იდენტობა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საზოგადოებრივი დამცველი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი (BBSA)

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA)

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) 

სხვა სიახლეები