სიახლეები
საიამ მისი ერთ-ერთი თანამშრომლის სახელით განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვა „მობილურების ნომრების ბაზის“ მფლობელის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა. საქმე ეხება აპლიკაცია „მობილური ნომრების ბაზას“ (nomrebi.com), რომელიც საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს და მისი მოძებნა შესაძლებელია Play Store-სა (android სისტემის მქონე მობილურის შემთხვევაში) და App Store-ის (IOS სისტემის მქონე მობილურის შემთხვევაში) საძიებო ბაზების მეშვეობით.
აპლიკაციის მობილურში გამოწერის შემდეგ ეკრანზე ჩნდებოდა ტექსტი:
„ჩვენ გვჭირდება ნებართვა, რომ ავტვირთოთ თქვენი კონტაქტები ჩვენს სერვერებზე, ნებართვის შემდგომ თქვენი კონტაქტები გამოყენებული იქნება:
1. ნომრის ძიების გასაუმჯობესებლად;
2. სპამ დეტექტორის უკეთ მუშაობისთვის;
3, კონტაქტების სინქრონიზაციისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აპლიკაციაზე „ნებართვის მიცემის“ ღილაკს აირჩევდა, აპლიკაცია მას შესაძლებლობას აძლევდა გამოეყენებინა მისი ფუნქციები. ზემოთ აღნიშნულ განცხადებაზე დათანხმების გარეშე აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას არ აძლევდა ესარგებლა მისი სერვისით.
მას შემდეგ რაც მომხმარებელი აპლიკაციაზე „ნებართვის მიცემის“ ღილაკს აირჩევს, შესაძლებელია აპლიკაციის გამოყენებით უცხო ნომრების იდენტიფიცირება. აპლიკაციის შესაბამის ველში უცხო ნომრის ჩაწერის შემთხვევაში, აპლიკაცია მომხმარებელს უჩვენებს თუ როგორ არის აღნიშნული ნომერი დაფიქსირებული/შენახული სხვა მომხმარებლების მიერ. ამდენად, აპლიკაციის მომხმარებლები აპლიკაციას თანხმობას აძლევენ დაამუშაონ არამხოლოდ მათი მონაცემები (მათი მობილურის ნომერი), არამედ მათ მობილურში არსებული სხვა პირების მობილური ნომრები. ამ დროს აპლიკაციას თანხმობა არ აქვს უშუალოდ იმ პირებისგან, რომლის მობილური ნომრის დამუშავებასაც ახდენს პროგრამა.ამასთან, პრობლემურია ის საკითხიც, რომ აპლიკაციის მეშვეობით ნომრების დამუშავება ხდება სახელით და გვარით, რის დამუშავებაზეც განცხადების შეტანის დროისთვის, აპლიკაციის მომხმარებელი არც აცხადებდა თანხმობას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადების შესწავლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება იმ პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, რომელიც არის აპლიკაციის მფლობელი. მას დაეკისრა 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და ასევე დაევალა აპლიკაციიდან განმცხადებლის მონაცემების წაშლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველა პირს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ აპლიკაციაში არის მისი მონაცემები რეგისტრირებული მისი თანხმობის გარეშე, უფლება აქვს მოითხოვოს აპლიკაციიდან მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
გააზიარე: