GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 იანვარი, 2021

კიდევ ერთხელ[1] ვეხმიანებით კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირების მიზნითწამოწყებულ აქტივობებს[2] და მიგვაჩნია, რომ კომისია მოქმედებს კანონის საწინააღმდეგოდ. 

კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან  შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს.

კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სადავო განხილვა

ამჟამად სადავოა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში „შაბათისმთავარი” გასული სიუჟეტი[1]. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა[2],რომელშიც  ჟურნალისტი ბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე  შენობაში გადაღებული მასალებით, იქვეჩაწერილი კომენტარებითა და საავტორო ტექსტით, ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზესაუბრობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშიაგადაღებული.

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის კონსტანტინე ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით,  „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტიშეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურნორმებს, აღნიშნულ  არაეთიკურ ქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური,კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება, და ცალსახად ლახავს ადამიანისა დამოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობის შესახებ"საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

სხდომის მონიტორინგისას, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომისია აპელირებს 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და სწორედ მასზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით მას მიანიჭა უფლებამოსილება შეაფასოს პროგრამების შინაარსობრივი მხარე (დაადგინოს შეიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებების ან ღირსების შემლახველ  უხამსობას). კომისიის მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და მეტიც, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უპირველესად გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე არის აგებული. სწორედ ამიტომ გვსურს დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი და სასამართლოს მოტივაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია

2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებას კომისიასა და სასამართლოში.[5]  სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებას, არ განათავსონ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიც შეიცავს უხამსობას. შედეგად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში კი მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმებით არ ილახებოდა პირთა კანონიერი ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. ამგვარი ინტერესების არარსებობის პირობებში კი, სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში.

რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  სასამართლოსათვის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად უფლებებს. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულ შემდეგ დასკვნაზე: „შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“

სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს რომ დაერღვა კონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდა ჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამდენად ის გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ საუბრობს კონკრეტული ინდივიდის ინტერესზე, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით და მიმართოს სასამართლოს თავად, როგორც მოსარჩელემ.  ამრიგად, სასამართლოს ერთადერთი მოტივატორი, თუ რატომაც დააკმაყოფილა ამ ნაწილში სარჩელი იყო ის, რომ თავად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესძლებოდა მაუწყებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და მისი უფლებების შელახვისას გაესაჩივრებინა ეს ფაქტი სასამართლოში.

სასამართლოს არც ერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომ ასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს რომ კონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას. აღნიშნული არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებს, მაშინ, როდესაც დაცვის საგანი ხდება სუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებები. აღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტად იზრდება მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს  არა დამოუკიდებელი ხელისუფლების შტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთარი ინიციატივით.

სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.  სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“[6]

მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ მთელ გადაწყვეტილებაში საუბარი როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე მიმდინარეობს და კომისიის მანდატი  ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა. მეტიც, ამის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც გააჩნდა, ვინაიდან სადავო ნორმები გასაჩივრებული იყო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში, რომელიც არც მაშინდელი და არც ამჟამინდელი პრაქტიკით არ მოიცავს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო კი ყოველთვის შებოჭილია იმ სასარჩელო მოთხოვნით, რაც დაყენებულია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია  მსჯელობა, თითქოს საკონსტუტიციოსასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით და ერთ-ერთი სადავო ნორმის გაუქმებით,  კომისიას რაიმე უფლებამოსილება მიანიჭა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის მიერ საკუთარი თავისთვის თვითნებურად დაწესებული მანდატი წარმოადგენს უკანონო ქმედებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უპატივცემულობას, რომელიც არათუ არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მის სულისკვეთებას.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად გაჩნდა მისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნით რომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენის საშუალება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეიძლება მოხდეს. კომუნიკაციების კომისიის ხელში კი ჩნდება საშიშროება, რომ მაუწყებელს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დაეკისრება, თუკი სადავო პროგრამას არ ეყოლება უშუალოდ დაზარალებული და უფლებაშელახული ადამიანი. ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასული სადავო სიუჟეტი სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია, რომლის მთავარის გმირის, ივანე მაჭავარიანის პოზიციით კომისია საქმის განხილვისას არც კი დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის უხამსობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისიას არასდროს უმსჯელია. უფრო მეტიც, კომისია საჯარო განცხადებებშიც უთითებდა, რომ 56-ე მუხლთან მიმართებით მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საკითხები მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია.

მაგალითად, 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადებაში[7] „კომისია აღნიშნავს, რომ პროგრამული შეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშ.  კერძოდ, ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის  და სხვ. განთავსება არ იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.”

აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითრეგულირების არსს, რომელიც გაშუქების ხარისხისა და ეთიკური დარღვევების გამოსწორების მყისიერი და ეფექტიანი გზაა.  მედიის მთავარი მონაპოვარი მისი რეპუტაცია და ნდობაა, თუკი მის მიმართ არ იარსებებს ნდობა, ის უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს. ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში რას ამბობენ კოლეგები და მათი აუდიტორია. მედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოს გააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევა. ხოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიცია, რომ თვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდ, ვერ იქნება, რადგან თავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან მუშაობზე. 

კომისიაში მიმდინარე წარმოების უარყოფითი გავლენა მედიაზე 

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონები ქმნიან. ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების შინაარსი მათ შორის, სასამართლოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებებით განიმარტება.  

თავის მხრივ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტს, რომელიც ზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის  მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 

გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე. 

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს.

 

 


[1] მოვუწოდებთ კომისიას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში – კოალიცია |

[2] საია და ქარტია: კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების რეგულირებას ცდილობს და უფლებამოსილებას სცდება |

[3] მთავარი შაბათს 21 საათზე - 12.12.2020

[4] რატომ არის საშიში კომუნიკაციების კომისიის მსჯელობა 'მთავარი არხის' სიუჟეტში უხამსობის ნაწილზე  

[5] ეხება იმ ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ (ფაქტების ზუსტად და ჯეროვნად გაშუქების ვალდებულება), 54-ე მუხლის პირველ (სამართლიანობის და მიუკერძოებლობის ვალდებულება) და 56-ე მუხლის მე-5 პუნქტებში (ასაკობრივი შეზღუდვა და ბავშვებისთვის შესაფერისი პროგრამის განთავსების ვალდებულება), აგრეთვე 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ სიტყვებს: „.ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“

[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე  “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.პ.7

[7] კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს ეხმიანება

სხვა სიახლეები