სიახლეები
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც კომისიას გაუჩენს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს იმისათვის, რომ ჩაერიოს მაუწყებლების საქმიანობაში და გაუმართლებლად შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, კომისიას უჩნდება შესაძლებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან დანიშნოს სპეციალური მმართველი და მიიღოს ფაქტობრივად ყველა მმართველობითი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი მაუწყებლების დიდი ნაწილი ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ეს დებულება პირდაპირ გავრცელდება მათზე, რაც კომისიას მისცემს საშუალებას, დანიშნოს სპეციალური მმართველი ამ მაუწყებლებში, მიიღოს მათთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებები და ჩაერიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებშიც. საგულისხმოა ისიც, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მეშვეობით ხდება მაუწყებლობის გადაცემა, ხოლო ამ პირებთან სპეციალური მმართველის დანიშვნით, შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გავლენას იქონიებს მაუწყებლობის გადაცემაზე.
საყურადღებოა აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლითაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი გასაჩივრებით არ შეჩერდება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მაუწყებლისთვის ლიცენზიის შეჩერების/გაუქმების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდება და სანამ სასამართლო არ მიიღებს განჩინებას მის შეჩერებაზე, მანამდე მაუწყებელს მოუწევს საქმიანობის შეჩერება, რაც მის საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
საგულისხმოა ისიც, რომ კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით და მასზე არ გაკეთებულა სავალდებულო შეფასება რეგულირების ზეგავლენასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვა აუცილებელია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, თუმცა დასაბუთებაში ვერ ვხვდებით კონკრეტულ საფუძველს, თუ რატომ უნდა იყოს კანონპროექტი დაჩქარებულად განხილული, რაც ზრდის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი მოემსახურება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას შემოთავაზებული რეგულაციების მაუწყებლებზე გავრცელება და კანონპროექტის განხილვის დროს უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა.
გააზიარე: