GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 დეკემბერი, 2019

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბექანასის“ სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღისეულით სარგებლობა იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, ასევე სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის სტანდარტს, რის მიხედვითაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა იყოს საჯარო ინტერესის საგანი.

პრობლემურია საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  სადავო ნორმის გამოყენების პირობები. მას შემდეგ რაც მოსამართლე/ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს, რომ პირი არის სამართალდამრღვევი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს სამართალდამრღვევისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას. აღნიშნულ პროცესში არ ხდება იმის შეფასება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე რამდენად არის საჯარო ინტერესის საგანი სამართალდამრღვევისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა.

მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე სამართალდამრღვევი პირისთვის სახდელის სახით სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის შესაძლებლობას. მისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევას ითვალისწინებს უპირობოდ/იმპერატიულად, რითაც ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოსამართლეს საშუალებას არ აძლევს საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების შედეგად ყოველ კონკრეტულ საქმეში დაადგინოს რამდენად არის სამართალდამრღვევისთვის სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის საჭიროება აუცილებელი და პროპორციული საშუალება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

სხვა სიახლეები