სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

2023-06-29 11:39
Featured image

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს. ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის განცხადებით, “... მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.” [1]

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები.  ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ.    

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მიშა მშვილდაძეზე თავდახმის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ.

[1] ტელეკომპანია “ფორმულა” სტატია, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ https://formulanews.ge/News/93232