სიახლეები
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე შეაჩეროს მედიისათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ვადა 2020 წლის ივლისამდე მაინც.
დღეს მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაეხმაროს მედიაორგანიზაციებს შეასრულონ მათი უდიდესი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
2020 წლის 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანიების" TV პირველის" და" მთავარი არხის" ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს დადების შესახებ. მოგვიანებით, მთავრობამ ეს საკითხი რიგით გადაწყვეტილებად განმარტა.
ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის და კიდევ ერთხელ მივმართეთ მთავრობას შეეცვალა ტელევიზიებისათვის დავალიანების გადახდის ვადა.
დღევანდელი მონაცემებით, პანდემიიდან გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო რამოდენიმე ეროვნულ და რეგიონულ მედიასაშუალებას (ტელევიზია, რადიო ან ონლაინ გამოცემებს) ანგარიშებზე ინკასო ადევს. უმრავლესობა კი დგას მსგავსი რისკის წინაშე. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ დააწესოს შეღავათები მედიისათვის.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მსგავსი შეღავათები ამერიკაში უკვე გადასახადის ყველა გადამხდელისათვის ამოქმედდა.
გააზიარე: