სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება

2013-12-26 10:58
Featured image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას ჯერ კიდევ გუშინ უნდა წარედგინათ 6 კანდიდატი, ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ ორი, უმრავლესობამ კი  - ერთი. 

 
მიგვაჩნია, რომ კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის მუშაობა გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობა და ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მიმართ. საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად ადევნებდა თვალს მეორე არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე გასაუბრებებსა და დებატებს. 10 დღიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებრივმა კომისიამ პარლამენტს წარუდგინა 27 კანდიდატის რანჟირებული სია.
 
სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით.  არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო. 
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს დეპუტატებს, პატივი სცენ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომასა და არჩევანს, დადგნენ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე  მაღლა და შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება - შეარჩიონ კანდიდატები წარდგენილი სიიდან.  
 
შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კონკურსის კომპეტენტურად და გამჭვირვალედ ორგანიზება; პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროფესიონალებისაგან. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმა არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის. ამ პროცესის ჩაშლით მმართველი ძალა არა მხოლოდ ეჭვქვეშ დააყენებს საკუთარ წინა საარჩევნო გზავნილს მედიის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების შესახებ, არამედ  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 
 
კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
 
1. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; 
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 
3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; 
4. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; 
5. რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი; 
6. რეგიონული მედიის ასოციაცია; 
7. მედიაკლუბი; 
8. პრესის ასოციაცია; 
9. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; 
10. ინფორმაციია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 
11. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.