სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კიდევ ერთი საქმე გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ

2010-02-05 08:33
Featured image
2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტების ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის სარჩელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. 2009 წლის 15 აგვისტოს ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა საგაზეთო მასალის მომზადების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი. უკან დაბრუნებისას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარეს საბაჟო შემოწმება. თუმცა, როგორც კი საბაჟოს თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების ფაქტი, მათ მოსთხოვეს საქმიანობის შეწყვეტა და საბაჟო ტერიტორიის დატოვება საბაჟო პროცედურებისათვის ხელის შეშლის საბაბით. ჟურნალისტებმა საბაჟოს თანამშრომლებს მოსთხოვეს გაძევების სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რის შემდეგაც ისინი დააჯარიმეს საბაჟო მოხელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიტყვის თავისუფლების მოთხოვნებს. გადაწყვეტილება, ასევე, არ შეესაბამება ევროპის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სასამართლომ თავის ერთ-ერთ უახლეს გადაწყვეტილებაში  ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ “მე-10 მუხლით დაცული ინტერესების გათვალისწინებით, კანონმა არ შეიძლება დაუშვას თვითნებური შეზღუდვები, რომლებმაც შეიძლება მიიღონ ირიბი ცენზურის რაიმე ფორმა . . . მაგალითად, ინფორმაციის მოგროვება არსებითი მოსამზადებელი ნაბიჯია ჟურნალისტიკაში და პრესის თავისუფლების განუყოფელი, დაცული ნაწილია. ბარიერები, რომლებიც იქმნება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფერხებლად, სურვილს დაუკარგავს მედიასა და მონათესავე სფეროებში მომუშავეებს, გამოიკვლიონ ასეთი საკითხები. შედეგად, მათ შესაძლოა ვეღარ შეძლონ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ “საზოგადოებრივი მაკონტროლებლის” როლის შესრულება, რაც უარყოფითად იმოქმედებს მათ უნარზე _ მიაწოდონ საზოგადოებას ზუსტი და სანდო ინფორმაცია.”
2009 წლის 15 აგვისტოს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმება, საბაჟო მოხელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით, არის ირიბი ცენზურის ფორმა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის გაზეთის “ბათუმელები” მიმართ განხორციელებული ზეწოლის პირველი შემთხვევა. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ფარგლებში მიმდინარეობს წარმოება ამავე გაზეთის ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შსს თამანშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფასა და იძულებას. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მიმართა პროკურატურის შესაბამის სამსახურებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგუმლი არ არის. საგანგაშოა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არც ამ საქმის მიმართ ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ჟურნალისტების ინტერესებს იცავს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შეიქმნა პროექტის  “მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის კავშირი. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თნამშრომლობის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით.