სიახლეები
მე-8 დღეა, რაც სოციალური მუშაკები გაფიცულები არიან საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, როდესაც სოციალურ მუშაკებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შედეგიანად წარიმართოს - სახელმწიფომ სრულად შეასრულოს სოციალური მუშაკების ყველა მოთხოვნა როგორც უშუალოდ მათი შრომითი უფლებების დაცვასთან, ასევე ბენეფიციართათვის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
სოციალური მუშაკების გაფიცვას შედეგად მოჰყვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ სოციალური მუშაკების არაერთგზის უშედეგო მოთხოვნა მათი ღირსებისშემლახველი სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ.
სოციალური მუშაკების პროტესტი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფოს წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები, სამწუხაროდ, ადასტურებდა, რომ სოციალური მუშაკების სამუშაოს მნიშვნელობა და არსებული პრობლემების სიმწვავე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე გააზრებული საერთოდ არ არის. სახელმწიფო ვერ აცნობიერებს, რომ სოციალური მუშაკების ეფექტიანი მუშაობის გარეშე სოციალური პოლიტიკის გატარება შეუძლებელია.
სოციალური მუშაკების წარმოებაშია ასეულობით მიმდინარე საქმე. მათ კომპეტენციას განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის და შეზღუდვის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრების, ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, სათემო ორგანიზაციების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ქვეპროგრამებში ჩართვა/მონიტორინგი, ასევე, მეურვეობა/მზრუნველობა/მხარდაჭრის, შვილად აყვანის, ბავშვზე და ოჯახში ძალადობის, ოჯახური დავების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საპროცესო წარმომადგენლობის, გადაუდებლად შესასწავლი შემთხვევების, მიმღებ მშობლად/მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების და სხვა მომართვები.
არსებული ადამიანური რესურსით, აღნიშნული ფუნქციების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, დღეს მოქმედი კანონმდებლობით შემოთავაზებული სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის გეგმა კი აცდენილია რეალობას და არ შეესაბამება სხვა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო კი დღემდე არ მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს პარლამენტთან.
საგანგაშო დასკვნა გააკეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის თანახმად, საქართველოში 100 000 ადამიანზე 7 სოციალური მუშაკია გათვალისწინებული. ეს მაჩვენებელი საერთაშორისო სტანდარტს არსებითად ჩამოუვარდება.
სოციალური მუშაკების მიერ თავდაპირველად დასახელებულ ძირითად პრობლემებს შორის იყო:
- სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა;
- სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა მესამე პირთა პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალობის დაცვას;
- მათზე დაკისრებული მოვალეობების და პასუხისმგებლობისთვის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურება;
- სამუშაოს შესრულების მიზნით სატრანსპორტო საშუალებების არარსებობა;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობა, რაც გამოიხატებოდა მესამე პირთაგან მომავალ ფიზიკურ საფრთხეში, ასევე, გათბობისა და გაგრილების სისტემების არარსებობაში;
- ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგის და იურისტის დამხმარე მომსახურების ნაკლებობა.
სოციალური მუშაკები ასევე აღნიშნავდნენ, რომ უკიდურესად დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მათ უწევდათ ისეთი საქმიანობის შეთავსება, რომელიც მათ უფლებამოსილებაში არ შედის, მაგალითად, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა, ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად მისვლა, ადრეული განვითარების დროს ცენტრისა და კვების ვაუჩერების გაცემა და ა. შ.
2019 წლის თებერვლიდან, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით, დასაქმებულები ჩაერთნენ მედიაციის პროცესში, რომელიც უშედეგოდ წარიმართა, რის შემდეგაც, 2019 წლის 25 მარტს, სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვამდე სოციალური მუშაკები მიუთითებდნენ არამხოლოდ საკუთარი სამუშაო პირობების დაცვის აუცილებლობაზე, არამედ ასევე მათი ბენეფიციარების - სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.
2019 წლის 28 მარტს სოციალურ მუშაკებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მინისტრს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის შედეგადაც მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე:
1. “სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანა და სიტყვა „საჭიროების შემთხვევაში“ ამოღება. 29.03.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე” - მისაღებია
2. 2019 წლის სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე ზრუნვის ადრეული განვითარების და შშმ ბავშვების და პირების დღის ცენტრების ქვეპროგრამაში ცვლილების და მისი განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკის შეფასების და დასკვნის ამოღება. - 30.05.2019; სამინისტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია
3. 12 თვემდე ბავშვის ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის ქვე-პროგრამის განხილვა ბათუმის და გორის სოციალურ მუშაკებთან და წინადადებების წარდგენა კომისიისთვის. 22.04.2019 სამინისტრო - ნინო ოდიშარია; - მისაღებია
4. იურისტების დამატება: ყველა რეგიონში დაემატება ერთი იურისტი ხოლო თბილისში 2; სააგენტო - თამაზ მოდებაძე; - მისაღებია
5. თბილისში 1 ფსიქოლოგის დამატება, ხოლო სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამოვლინდეს ყველაზე დიდი საჭიროების მქონე რეგიონები და რეკომენდაცია მიეცეს სააგენტოს ამ რეგიონებში ფისქოლოგების აყვანის თაობაზე. საკოორდინაციო საბჭო და სააგენტო; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ სააგენტოს მიერ დაემატება 15 ფსიქოლოგი (4 თბილისში, 11- რეგიონებში) და ამ პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდება არაუგვიანეს 01.06.19-მდე.
6. სოციალური მუშაკების დამატება; 50 სოციალური მუშაკის დამატების პროცედურები დაწყებულია. მათი აყვანის პროცედურა დასრულდება 30.04.2019; - სააგენტო, თამაზ მოდებაძე - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ამ კადრების დამატება მოხდება შემდეგი მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინებით: დაემატოს თითო სოციალური მუშაკი იმ რაიონებს, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს, ხოლო დანარჩენი გადანაწილდეს სამუშაო დატვირთვის შესაბამისად.
7. საპროცესო წარმომადგენლობის ტვირთის შემცირების მიზნით, სამუშაო ფორმატში სოციალურ მუშაკებთან ერთად ინდიკატორების ჩამოყალიბება (15.04.2019). საპროცესო წამომადგენლობის ტვირთის შემცირების ინდიკატორებზე დაყრდნობით (მათ შორის დამატებითი სპეციალიზირებული სოციალური მუშაკების საჭიროების დადგენა) შესაბამისი ღონიძიებების გატარება 30.04.2019 სამინისტრო, თამილა ბარკალია; - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში, თუ დაემატება სულ მცირე 20 სპეციალიზირებული სოციალურ მუშაკთა კადრი (რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ 50-ში) და გადანაწილდება საპროცესო წარმომადგენლობის საჭიროებების მიხედვით.
8. 2019 წლის 28 მარტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება, შესაბამისად სოციალური მუშაკის შეფასების ფორმაში განხორციელდება ცვლილება და ხელმოწერილი შეფასების ფორმა გადაეგზავნება სამხარაულის ბიუროს ელექტრონული ფოსტით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი გახდება დასკვნის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად ხელმოწერა და მისვლა აღარ დასჭირდებათ. პროექტი მომზადებულია და დამტკიცების სავარაუდო თარიღია 05.04.2019. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი და სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტი; - მისაღებია
ამავე დროს, სოციალურმა მუშაკებმა გამოყვეს საკითხები, რომელიც მიუღებელია სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ფორმით:
9. ტრანსპორტირება - უკვე გამოყოფილია 12 მანქანა (მათ შორის 2 თბილისში), 15. 04.2019 -მდე დაემატება 11 მანქანა, ხოლო მაისის ბოლომდე მანქანების რაოდენობა გაიზრდება 30 ერთეულამდე. სააგენტო/ სამინისტრო თამაზ მოდებაძე, კახაბერ ძიმისტარიშვილი; 28/2019 გადაუდებელი რეაგირების საჭიროების დროს, რეგიონზე მიმაგრებული მანქანის რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში სოციალური მუშაკები ისარგებლებენ ტაქსის მომსახურებით, 31.05.2019. სააგენტო თამაზ მოდებაძე;- აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ გათვალისწინებული იქნება შემდეგი განაწილების პრინციპი: თითო რეგიონზე სოციალური მუშაკებისთვის გამოიყოფა სულ მცირე 2 მანქანა, ხოლო თბილისში - 5 მანქანა, დარჩენილი 3 მანქანა კი გამოყენებულ იქნას საჭიროებისამებრ. ასევე, შეიმუშავეთ მექანიზმი, რათა არ მოხდეს სოციალური მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საჭირო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯებით როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი შემთხვევების დროს.
10. ინფრასტრუქტურის და სამუშაო პირობების გაუჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 15.05.2019 (ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში). სააგენტო თამაზ მოდებაძე. - აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში მომზადდება ქვე სტანდარტი სერვისცენტრებში ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული ინსფრასტრუქტურის შესაქმნელად არა უგვიანეს 15.05.19. ამასთნავე, განსახილველად წარედგინოს მთავრობას 5 პრობლემური სერვისცენტრის რეაბილიტაციის გეგმა.
ამასთან, სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პირობებში არ იყო ასახული სოციალური მუშაკების შემდეგი მოთხოვნები:
1. ხელფასი - სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ხელფასი დაუყოვნებლივ გაუთანაბრდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში სსიპ-ებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა მაქსიმალურ ხელფასს (რაც აღნიშნულ იქნა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 29 მარტის გაფართოებულ სხდომაზე პარლამენტარების მიერ);
2. მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში შეიქმნას მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი (მხარეთა შორის უთანხმოების წარმოშობისა და შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვლის განცხადების პირველი პუნქტის შესაბამისად), სადაც შევლენ როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დარგის ექსპერტები, რომლის შემადგენლობა და მანდატი გაიწერება შესაბამისი ბრძანებით და მისი მიზანი იქნება სისტემის გაუმჯობესების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვა (პროფესიული ზედამხედველობა, სამუშაო მეთოდოლოგია, ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გადახედვა, განფასება, განვითარება და აღსრულება და სხვა).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურ მუშაკებთან მოლაპარაკების პროცესში:
- პოლიტიკის დონეზე გაიაზროს სოციალური მუშაკების მიერ შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობა ქვეყნისთვის და სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებისთვის;
- სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება;
- სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის იმგვარი მომსახურების შეთავაზება, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სოციალური მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს;
- საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან კოორდინირებულად იმოქმედოს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
გააზიარე: